ეროვნული გუნდის რეკორდსმენი გურამ კაშია – ალბათ ნაკრების ყველა ფეხბურთელში რაღაც შევცვალე #1TVSPORT

12:20, 23.03.2026

ტრავმა არ მაქვს, რის გამოც ფეხბურთელები კარიერას ამთავრებენ ხოლმე, მაგრამ ისე ვეღარ ვთამაშობ, როგორც ადრე, – ასე ახსნა გურამ კაშიამ საქართველოს ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება. მცველმა ეროვნული გუნდის ფორმით 17 წელიწადში 127 მატჩი ჩაატარა და „ჯვაროსნების“ რეკორდსმენი გახდა.

მან პრესკონფერენცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრით დაიწყო.

„უპირველესად, მინდა, დიდი მწუხარება გამოვხატო. ის უსაყვარლესი ადამიანი იყო და უდიდესი დანაკლისია ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.

ამ შეკრებაზე გუნდთან ერთად აღარ ვიქნები – რუმინეთთან გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩავატარებ. გული მწყდება, მაგრამ დროა, დავემშვიდობო ნაკრებს, სადაც 17 წელი ვთამაშობდი. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საამაყო პერიოდი იყო. მისი ფორმით თითქმის 130 მატჩი ჩავატარე და ბედნიერი ვარ იმით, რაც შევძელი.

მადლობა ყველა გულშემატკივარს, ჟურნალისტებს და ფედერაციას – ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას. ეს მძიმე თემაა და საუბარიც მიჭირს. დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება თქვენთვის სიურპრიზი არ იქნება. მთელი ღამე ვფიქრობდი და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.

პირველად ნაკრების თამაშს რომ დავესწარი, მას შემდეგ ოცნება მქონდა, ეროვნულ გუნდში ერთხელ მაინც მეთამაშა. ეს ოცნება თითქმის 130-ჯერ ავისრულე. მინდოდა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში – ყველაფრის მიღწევა ვერ მოვახერხე, მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვითამაშე, მაგრამ ნაკრებში ჩატარებული მატჩები ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა.

ნაკრებში რომ მივედი, ძალიან დიდი ფეხბურთელები იყვნენ და მათგან მაგალითი ავიღე. მაშინ დღევანდელი შედეგები არ გვქონდა, მაგრამ მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და ნაკრების მიმართ ჩემთვის სამაგალითო იყო. როცა ისინი წავიდნენ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და ლიდერად ჩამოვყალიბდი. კვეკვესირმა მითხრა, შენგან ყველამ რაღაც ვისწავლეთო, რაც ჩემთვის დიდი კომპლიმენტი იყო. ალბათ ყველა ფეხბურთელში რაღაც შევცვალე.

საკლუბო კარიერის დასრულებასაც განვიხილავ. ტრავმა არ მაწუხებს, მაგრამ თამაში ისე აღარ გამომდის, როგორც ადრე გამომდიოდა“, – თქვა კაშიამ.

1987 წლის 4 ივლისს დაბადებულმა მცველმა კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, თუმცა ყველაზე წარმატებული პერიოდი ნიდერლანდებში, „ვიტესში“ გაატარა, სადაც გადასვლიდან ორი წლის შემდეგ კაპიტანი გახდა. არნემულ კლუბში რვა სეზონის განმავლობაში 292 ოფიციალურ მატჩში ითამაშა (24 გოლი) და 2017 წელს ქვეყნის თასი მოიგო.

შემდეგ იყო „სან ხოსე ერსქვეიქსი“, თბილისის „ლოკომოტივი“ და ბოლოს ბრატისლავის „სლოვანი“, სადაც ამჟამადაც თამაშობს. სლოვაკურ კლუბთან ერთად ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

საქართველოს ნაკრებში კაშიამ სადებიუტო მატჩი 2009 წლის პირველ აპრილს, მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარა. 2018 წლის 14 ივნისიდან ეროვნული გუნდის კაპიტანი გახდა, 127 მატჩში მიიღო მონაწილება, რაც რეკორდია. ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე ოთხივე შეხვედრაში გუნდს უკაპიტნა და ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ღირსების ორდენი მიიღო.

კაშია ორჯერ, 2012 და 2013 წლებში საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი