ეროვნული გუნდიდან ახალგაზრდულს ევრო 2023-ზე ვინ დაეხმარება, ჯერ უცნობია #1TVSPORT
ეროვნული გუნდიდან ახალგაზრდულს ევრო 2023-ზე ვინ დაეხმარება, ჯერ უცნობია #1TVSPORT

ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, ითამაშებენ თუ არა ეროვნული გუნდის წევრები, – ამის შესახებ „საფეხბურთო ტაიმაუტთან“ 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ ისაუბრა. მანამდე კი კომენტარი თავისი ასაკობრივი გუნდის შესახებ გააკეთა.

„ჩვენი 19-წლამდე ნაკრები ემზადება, ბევრი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გავმართეთ, რაც მნიშვნელოვანია, რადგან გუნდი ასე იზრდება, ფეხბურთელები კი გამოცდილებას იძენენ. ჩაატარებ რამდენიმე შეხვედრას და შემდეგ სულ სხვა გუნდს ხედავ. ჩვენ საკონტროლო მატჩები კიდევ უნდა გავმართოთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს კი საქართველოში ვუმასპინძლებთ. ჯგუფში ესპანეთს, მოლდოვას და კვიპროსს ვხდებით – ჯგუფიდან ორი გუნდი გადის და ვფიქრობ, რომ ელიტრაუნდში უნდა ვითამაშოთ.

რაც შეეხება 21-წლამდელ ნაკრების საკითხს, ითამაშებენ თუ არა გუნდში ეროვნული ნაკრების წევრები (მამარდაშვილი, საზონოვი, წიტაიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, აზაროვი, მიქაუტაძე), ეს ძალიან რთული საკითხია. მე რაც ვიცი, ახლა დასხდებიან და ისაუბრებენ, ვინ შეიძლება ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმაროს. საერთოდ, კლუბების პოზიციას რაც შეეხება, ეროვნულ ნაკრებში დაწინაურებული ფეხბურთელის ასაკობრივ გუნდში გამოძახება ევროპულ კლუბებს არ სიამოვნებთ. თუმცა, დირექტივასაც ვერ მოგცემს, რა გააკეთო. ბევრი რამეზეა დამოკიდებული, ეს ბირთვი იქნება თუ არა. ეროვნული ნაკრების წევრები თუ დაეხმარებიან, სულ სხვა ნაკრები იქნება, თუ ვერ ითამაშებენ, მწვრთნელი სხვა გზით უნდა წავიდეს – მოკლედ, რთული ვითარებაა. ჯერ არ იცის, ვის გამოიყენებს“, – ამბობს ვასილ მაისურაძე.