ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტსმენთა გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა #1TVSPORT

16:09, 30.01.2026

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ზამთრის XXV  ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სპორტის სამინისტროსა და ზამთრის სპორტის სახეობების წარმომადგენლები, ოლიმპიელი სამთო მოთხილამურეები –  ნინო წიკლაური და ლუკა ბუჩუკური, მწვრთნელები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები, მათ შორის, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ქართველ სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს სეოკ-ის პრეზიდენტმა, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლერი ხაბელოვმა, საქართველოში იტალიის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა, მარიამ გიორგობიანმა.

ზამთრის XXV  ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა წარადგინა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა, ემზარ ზენაიშვილმა.

გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. საქართველოს სპორტსმენების სახელით ფიცი მოთხილამურე ნინო წიკლაურმა დადო. აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი სპორტსმენი იქნება, ვინც ოლიმპიურ თამაშებში მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენთა სახელით სიტყვით გამოვიდა მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური.

ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს წარმომადგენლები სპორტის 2 სახეობაში – ფიგურული ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში ეყოლება – სულ საქართველოს სახელით რვა სპორტსმენი იასპარეზებს.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 6 თებერვალს მილანის „სან სიროს“ ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს მედროშეები მოციგურავეები – ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იქნებიან, კორტინაში კი – მოთხილამურეები, ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.

ზამთრის XXV  ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი  ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება  ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მარიამ გიორგობიანი.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში, მილანი/კორტინაში 6-22 თებერვალს გაიმართება.

საქართელოს ნაკრების შემადგენლობა:

ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა;

ანასტასია მეტელკინა – ფიგურული ციგურაობა;

ნიკა ეგაძე – ფიგურული ციგურაობა;

ანასტასია გუბანოვა – ფიგურული ციგურაობა;

დიანა დევისი – ფიგურული ციგურაობა;

გლებ სმოლკინი – ფიგურული ციგურაობა;

ნინო წიკლაური – სამთო-სათხილამურო სპორტი;

ლუკა ბუჩუკური – სამთო-სათხილამურო სპორტი.

სეოკ-ის პრესსამსახური

მსგავსი