ეროვნულ ლიგაში „საბურთალო“ „სამგურალს“ დაუზავდა – წყალტუბოელებმა თამაში გადაარჩინეს #1TVSPORT
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა განახლდა. 34-ე ტურში „საბურთალომ“ „პეტრო არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და, სოლიდური უპირატესობის ხელიდან გაშვების შემდეგ, მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2:2.
„საბურთალო“ პირველივე ტაიმში ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. მე-18 წუთზე, იური ტაბატაძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთს მიმართულება გიორგი კოხრეიძემ შეუცვალა, ოთარ მამაგეიშვილმა კი ახლოდან დაამატა – 1:0. 26-ე წუთზე სტუმრებს მეორედ ტაბატაძემ გაუტანა, რომელმაც ინდივიდუალურად შესანიშნავად ითამაშა. მან მეტოქეს ჯერ ბურთი აართვა, მერე გასცდა და საჯარიმოსთან კიდევ ერთი მცველის მოტყუების შემდეგ ზუსტად დაარტყა – 2:0.
ასეთი უპირატესობის მიუხედავად, თბილისელებმა 3 ქულა ვერ მოიპოვეს, რადგან წყალტუბოელებმა მეორე ნახევარში თამაშის გადარჩენა მოახერხეს. ორივე გოლი დემურ ჩიხლაძის შესრულებულ კუთხურს მოჰყვა. 62-ე წუთზე „სამგურალმა“ სხვაობა იკპე-გილენ გნამიას თავური დარტყმით შეამცირა, 81-ე წუთზე კი წონასწორობა ნიკა კალანდარიშვილმა ასევე თავური დარტყმით აღადგინა.
სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „საბურთალომ“ და „სამგურალმა“ 51-51 ქულა დააგროვეს და 4 ქულით ჩამორჩებიან მესამეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“, რაც მათ კონკურენტს დიდ უპირატესობას ანიჭებს.