ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „შუქურა“ ქობულეთში ვერ ითამაშებს
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „შუქურა“ ქობულეთში ვერ ითამაშებს

ქობულეთის „შუქურამ“ სამწლიანი პაუზის შემდეგ, ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ საკუთარ ქალაქში თამაშის უფლება მინიმუმ ზაფხულამდე არ ექნება – ამის შესახებ გუნდის დირექტორმა ირაკლი ბერიძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, 2021 წელს „შუქურა“ ქობულეთში ვერ იასპარეზებს, რადგან „ჩელე-არენას“ საფარი ეროვნული ლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. „შუქურა“ საკუთარ არენაზე მინიმუმ ორი წრე ვერ ითამაშებს. ჯერ ვერ ვიტყვი, რომელ სტადიონზე გამოვალთ, მაგრამ პრიორიტეტი აჭარაში დარჩენა იქნება“, – განაცხადა აჭარის საზოგადო მაუწყებლის გადაცემა „სპორტკლუბში“ ირაკლი ბერიძემ.

ქობულეთის „შუქურას“ დირექტორი იმედოვნებს, რომ გუნდი საკუთარ არენას ზაფხულში დაუბრუნდება:

„უკვე დაწყებულია არსებული საფარის აღება და ახალი სამუშაოების დაპროექტება, რადგან საფარის ასაღებად და შემდეგ დასაგებად ცოტა დრო გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ გუნდი ქობულეთში ივლის-აგვისტოში დაბრუნდება“.

„ჩელე არენა“ 1967 წელს გაიხსნა. 2012 წელს ქობულეთის სტადიონს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, გამოიცვალა სკამები, განხორციელდა ადმინისტრაციული შენობის რესტავრაცია, მინდვრის საფარის ნაცვლად დაიგო ხელოვნური საფარი. ლეგენდარული ქობულეთელი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის პატივსაცემად სტადიონს ეწოდა „ჩელე არენა“. 2018 წელს ქობულეთში ცენტრალურ სტადიონზე ხელოვნური ხალიჩა ბუნებრივმა საფარმა ჩაანაცვლა.