ერლინგ ჰალანდი „მანჩესტერ სიტის“ დაუბრუნდა და პრემიერლიგაში სათამაშოდ მზადაა #1TVSPORT
ერლინგ ჰალანდი „მანჩესტერ სიტის“ დაუბრუნდა და პრემიერლიგაში სათამაშოდ მზადაა #1TVSPORT

ბრიტანული გამოცემის, „ტაიმსის“ ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰალანდმა სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო და მზადაა, ინგლისის პრემიერლიგის მომდევნო ტურის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

ინგლისის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა ფეხის ტრავმის გამო „მანჩესტერ სიტის“ ბოლო ცხრა თამაში გამოტოვა, მათ შორის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მატჩები.

ამჟამად ინგლისის მოქმედი ჩემპიონი საწვრთნელ შეკრებას აბუ დაბიში გადის, ხოლო მომდევნო შეხვედრა საფეხბურთო ასოციაციის თასზე, 26 იანვარს „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ელის.

თუმცა, გამოცემის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, ჰალანდმა ამ მატჩისთვის სათანადო ფიზიკურ კონდიციაში შესვლა მოასწროს. მის დაბრუნებას კი 31 იანვარს, პრემიერლიგის მატჩში „ბარნლის“ წინააღმდეგ ელიან.

რამდენიმე დღის წინ, Globe Soccer Awards-ის მიხედვით, ერლინგ ჰალანდი 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.