ერლინგ ჰაალანდმა დუბლი შეასრულა და ბუნდესლიგის ორი რეკორდი დაამყარა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტური „დორტმუნდისა“ და „კიოლნის“ შეხვედრით გაიხსნა და ისევ დორტმუნდელთა რიგებში შედეგიანი მატჩი ჩაატარა ახალწვეულმა ერლინგ ჰაალანდმა. წინა ტურში თავის სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკის შესრულების შემდეგ, ნორვეგიელმა ამჯერად დუბლი შეასრულა. ორივე შემთხვევაში ჰაალანდი შეცვლაზე შევიდა მოედანზე.
„კიოლნის“ წინააღმდეგ ჰაალანდი 65-ე გამოჩნდა მინდორზე, როცა ანგარიში 3:1 იყო და დუბლის შესრულების შემდეგ, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:1.
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში, რომელშიც ჰაალანდის დებიუტი შედგა ბუნდესლიგაში, „დორტმუნდმა სტუმრად 5:3 მოუგო „აუგსბურგს”. მაშინ ნორვეგიელი 56-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, როცა მისი გუნდი 1:3-ს აგებდა და 20 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ამ ორი მატჩის შემდეგ, ჰაალანდმა ორი რეკორდი დაამყარა. მან ჯამში 59 წუთი ითამაშა და ხუთი გოლის გატანა მოასწრო. ასეთ მოკლე დროში, ბუნდესლიგაში არავის გაუტანია ამდენი გოლი.
გარდა ამისა, ჰაალანდი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგის პირველ ორ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.
„დორტმუნდმა” „კიოლნის” დამარცხების შემდეგ, გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, მის კონკურენტებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.