ერიკ კანტონამ მუსიკალური ალბომი გამოუშვა და ტურნეში მიემგზავრება #1TVSPORT
ერიკ კანტონამ მუსიკალური ალბომი გამოუშვა და ტურნეში მიემგზავრება #1TVSPORT

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ერიკ კანტონამ თავისი სადებიუტო ალბომი გამოუშვა. 57 წლის კანტონამ მუსიკალურ სამყაროში გადასვლის შესახებ ივნისში გამოაცხადა, ახლა კი მისი ალბომი გამოვიდა, რომლის სახელწოდებაა – I’ll Make My Own Heaven.

კანტონა პროფესიულ დონეზე თეატრით, კინოთი და ფერწერით მას შემდეგ დაკავდა, რაც 1997 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ამ მომენტისთვის მას დაწერილი აქვს რამდენიმე სიმღერა, უახლოეს დღეებში კი ტურნეში გაემგზავრება. ყოფილი ფორვარდი ხუთ კონცერტს ჩაატარებს მანჩესტერში, ლონდონსა და დუბლინში.

„მუსიკის შექმნა ჩემთვის არსებობის ხერხია. რა საჭირო იყო ამის დაწყება ასე გვიან, ამდენი წლის შემდეგ? უბრალოდ იმიტომ, რომ ადრე დრო არ მყოფნიდა. იზოლაციის პერიოდში, როგორც იქნა, სერიოზულად ავიღე ხელში გიტარა, და, მართალია, ჯერაც ცუდი გიტარისტი ვარ, საკმაოდ დამაჯერებლად ვგრძნობდი თავს იმისთვის, რომ ჩემი რამდენიმე სიმღერა წესრიგში მომეყვანა“, – განაცხადა კანტონამ.

„დავიწყებ მანჩესტერით, რადგან ეს ქალაქი მნიშვნელოვანია ჩემთვის. რა თქმა უნდა, ფეხბურთის გამო, მაგრამ ასევე საერთო ატმოსფეროს გამო“, – დაამატა ფრანგმა.

ერიკ კანტონა „მანჩესტერ იუნაიტედს“ 1 მილიონ ფუნტად შეუერთდა 1992 წელს. „ოლდ ტრაფორდზე“ ხუთი წლის განმავლობაში მან ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგა.