ერგნეთში ტექნიკური ხასიათის მეხუთე შეხვედრა იმართება
ერგნეთში ტექნიკური ხასიათის მეხუთე შეხვედრა იმართება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში ტექნიკური ხასიათის მეხუთე შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ წნელისთან შექმნილ ვითარებაზე მსჯელობენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხი პირდაპირ, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლისა და მიზეზის გარეშე დაუკავშირეს ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს.

„დღეს ვიხილავთ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხი პირდაპირ, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლისა და მიზეზის გარეშე დაუკავშირეს ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ დღევანდელ შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჰუმანიტარული განზომილება, რომელიც უკავშირდება მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას, მათი ყოველდღიური პირობების გაუმჯობესებას, მიუღებელია, რომ ეს იყოს ვაჭრობის საგანი.

ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. შესაბამისად, ის გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და მისი ერთადერთი დანიშნულებაა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა.

ჩვენ არაერთგზის ვყოფილვართ იმის მოწმენი, რომ რომელიღაც გამოგონილი მიზეზების გამო ხდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეჩერების მცდელობა. შარშანდელი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, როცა ასეთი ფორმატის შეჩერება მოხდა გაურკვეველი მიზეზით – როგორც ერგნეთში, ასევე აფხაზეთის მიმართულებით. ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს მოყვანილი და ნათქვამი, რომ ფორმატი არ გაგრძელდება, უკიდურესად დესტრუქციული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. სწორედ აღნიშნული ფორმატია მოწოდებული, ადგილზე უსაფრთხოების გარემოს, ჰუმანიტარული და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ხვალინდელ შეხვედრაზე დასტური ჯერ არ მიგვიღია“, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ ირაკლი ანთაძემ.