ერგნეთში სტადიონის მოსაწყობად მზადყოფნას სახელმწიფო და ინვესტორები გამოთქვამენ
ერგნეთში სტადიონის მოსაწყობად მზადყოფნას სახელმწიფო და ინვესტორები გამოთქვამენ

სექტემბერში, კონფლიქტის ზონაში, ერგნეთში დროებით გამყოფ ხაზთან გამართული საერთაშორისო სამშვიდობო-სპორტული ღონისძიების შემდეგ, სოფელში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაში თანადგომის სურვილი ორმა ინვესტორმა გამოხატა – ეს საქართველოს პირველ არხთან საქართველოს სამშვიდობო ორგანიზაცია „ქართლის“ დირექტორმა და პირველი კატეგორიის არბიტრმა გიორგი სამხარაძემ განაცხადეს.

„დაგვიკავშირდა ორი ინვესტორი. კომპანია ევრომასტერის გენერალური დირექტორი პაატა რუსაძე პროექტში სადრენაჟო სისტემის მოწყობით შემოდის, ხოლო საქართველო-თურქეთის ინვესტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ოსმან მჟავანაძე – ხელოვნური საფარის შესყიდვით. მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორებთან ურთიერთობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეთანხმებას კი ახლა მივაღწიეთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი სამხარაძე.

მისი თქმით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლის მაცხოვრებლების პრობლემების მოგვარებას მალე შეძლებენ და ამაში ერგნეთელებს საქართველოს პარლამენტი გვერდში დაუდგა.

„საქართველოს პარლამენტში შედგა სახელმწიფოებრივი დოკუმენტის და პროექტის მნიშვნელობის პრეზენტაცია, რადგან ჩატეხილი ხიდის აღსადგენად „სპორტი საზღვრებს გარეშე“ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. დროებით გამყოფი ხაზთან მაცხოვრებელი ქართველებისა და ოსების შერიგების თვალსაზრისით სამოქალაქო დიპლომატიის ხელშესაწყობად და ახალგაზრდების განსავითარებლად სპორტი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება“, – აცხადებს გიორგი სამხარაძე.

დატოვე კომენტარი