ერგემლიძის გოლი ჩრდილოეთ მაკედონიაში - აზაროვს ჩემპიონობამდე ცოტა აკლია #1TVSPORT
ერგემლიძის გოლი ჩრდილოეთ მაკედონიაში - აზაროვს ჩემპიონობამდე ცოტა აკლია #1TVSPORT

2022 წლიდან ბალკანეთში საკმაოდ დიდი ქართული ლეგიონია, უქმეებზე რამდენიმე მათგანმა ითამაშა და ქართული გოლიც გავიდა.

სერბეთის ჩემპიონატში ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდამ“ „ნოვი პაზარს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 2:1 იყო. ამის შემდეგ ბელგრადელებმა მეტოქეს კიდევ სამი გოლი გაუტანეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

ნიშის „რადნიჩკიში“ არ უთამაშია გიორგი პაპუნაშვილს, რომლის გუნდიც შინ „ვოჟდოვაცთან“ 0:1 დამარცხდა. 26 ტურის შემდეგ „ცრვენა ზვეზდა“ 72 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან „პარტიზანს“ 21 ქულით ასწრებს და ფაქტობრივად, ჩემპიონია. ნიშის „რადნიჩკი“ კი მე-13 ადგილზეა და ბოლოადგილოსანი მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება.

ბოსნიის პრემიერლიგაში გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ უშუალო კონკურენტს, მოსტარის „ველეჟს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. 21 წლის ქართველი თავდამსხმელი განაცხადში ვერ მოხვდა. ამ წაგებით „სარაევო“ 29 ქულით მე-6 ადგილზე დარჩა და ლიდერთა სამეულთან ჩამორჩენა ვერ შეამცირა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის 23-ე ტურში გაგი მარგველაშვილის „შკუპმა“ „რაბოტნიჩკი“ 3:1 დაამარცხა, ქართველმა მცველმა კი შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მიხეილ ერგემლიძემ კი ამ ქვეყანაში თავი პირველად გამოიჩინა. მისი გუნდი „აკადემია პანდევი“ გასვლაზე „შკენდიასთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა, 7 წუთში კი სხვაობა შეამცირა.