ერევანში, ბაგრამიანის მოედანზე მომიტინგეთა ნაწილი ამ დრომდე რჩება [ფოტო]
ერევანში, ბაგრამიანის მოედანზე მომიტინგეთა ნაწილი ამ დრომდე რჩება [ფოტო]

ერევნის მთავარ მოედანზე აქცია ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი ბაგრამიანის მოედანზე რჩება. მათ მოედნის ყველა შესასვლელი რკინის კონსტრუქციებით და სკამებით აქვთ გადაკეტილი. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

დემონსტრანტები დილისთვის ემზადებიან. ისინი გეგმავენ, ექსპრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ სერჟ სარგსიანს სომხეთის პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა არ მისცენ.

განსაკუთრებული დაცვის ქვეშ არის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო. სამართალდამცველებს პარლამენტის შენობის წინ რკინის კონსტრუქციები აქვთ განლაგებული.

ქალაქის დანარჩენ ნაწილში, მათ შორის აქციის მთავარი ლოკაციის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება.

ბაგრამიანის მოედანზე ამ დროისთვის ოპოზიციის ლიდერები არ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, 13 აპრილს ოპოზიციური ფრაქცია „ელქის” ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო. ფაშინიანი და მისი მომხრეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ. პარლამენტში სხდომა დილით არის დაგეგმილი, სადაც სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ.

            

ფოტოები: მირიან მელაძე