ერაყში აქციის მონაწილეებმა აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ სირიაზე იერიში გააპროტესტეს
ერაყში აქციის მონაწილეებმა აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ სირიაზე იერიში გააპროტესტეს

ათასობით ერაყელი გამოვიდა ქუჩებში აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ სირიაში სამხედრო ობიექტებზე მიტანილი იერიშების წინააღმდეგ.

ბაღდადში გამართული დემონსტრაციის მონაწილეები, რომლებიც სირიელ ხალხს უცხადებენ მხარდაჭერას, ერაყელი შიიტების ლიდერის, მოქთადა ალ-სადრის მიმდევრები არიან.

ალ-სადრის მხარდამჭერები, რომლებმაც 2003 წელს შეიარაღებული აჯანყება მოაწყვეს ამერიკული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ, ქვეყანაში უცხო ქვეყნების სამხედრო ძალების ნებისმიერი სახით წარმომადგენლობის წინააღმდეგ გამოდიან.

დემონსტრაციის მონაწილეებს სირიისა და ერაყის დროშები ეჭირათ ხელში, გაისმოდა ისრაელისა და ამერიკის საწინააღმდეგო მოწოდებებიც.

მოქთადა ალ-სადრის, რომელსაც პენტაგონი ერაყში ყველაზე საშიშ ადამიანად მიიჩნევს, ღიად მტრული დამოკიდებულება აქვს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და ამერიკული პოლიტიკის ნებისმიერი სახით არსებობის მიმართ. ამავდროულად, მას დაძაბული ურთიერთობა აქვს ერაყულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც ირანთან არიან კავშირში.