ერაყის ძალებმა დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი, რომელიც 2016 წელს ბაღდადში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად მიიჩნევა
ერაყის ძალებმა დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი, რომელიც 2016 წელს ბაღდადში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად მიიჩნევა

ერაყის ძალებმა დააკავეს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი, რომელიც 2016 წელს ბაღდადში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად მიიჩნევა. ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუსტაფა ალ-კადიმიმ განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ერაყის პრემიერის ცნობით, ღაზვან ალ-ზავბაე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებული სადაზვერვო ოპერაციის შედეგად დააკავეს. ამასთან, ქვეყნის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ სად დააკავეს ეჭვმიტანილი, თუმცა „ესოშიეიტიდ პრესის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოპერაცია ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

ბაღდადის ერთ-ერთ რაიონში 2016 წელს მომხდარ ტერაქტს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული სატვირთო მანქანა ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრთან ააფეთქა.

„იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვისაც ჩვენი ხალხის სისხლის დაღვრასთან აქვს კავშირი, ეროვნული ვალდებულებაა“, – განაცხადა ერაყის პრემიერმა ზავბაეს დაკავების შესახებ გამოცხადებისას.

ერაყის ხელისუფლების ცნობით, დაკავებული ასევე დგას ბაღდადსა და ქვეყნის სხვა რაიონებში 2016 და 2017 წლებში განხოეციელებული თავდასხმების უკან.

მანამდე კადიმიმ განაცხადა, რომ დაზვერვის სამსახურმა საზღვარგარეთ ჩატარებული ანალოგიური ოპერაციის შედეგად დააკავა „ისლამური სახელმწიფოს“ ფინანსური უფროსი სამი ჯასიმ ალ-ჯაბური. სააგენტო „როიტერი“ უსაფრთხოების ძალებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჯასიმ ალ-ჯაბური სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს აფარებდა თავს და მის დაკავებაში ერაყს თურქეთის დაზვერვა დაეხმარა.