ექვსი ქალაქის რვა სტადიონი - ეროვნული ლიგა განახლებისთვის ემზადება
ექვსი ქალაქის რვა სტადიონი - ეროვნული ლიგა განახლებისთვის ემზადება

COVID19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა 25 ივნისს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, თბილისური დერბით განახლდება – „საბურთალო“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

ეროვნული ჩემპიონატის განახლებულ სეზონს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ექვსი ქალაქის რვა სტადიონი უმასპინძლებს. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ყველა მოედანი, სეზონის განახლებისთვის სრულ მზადყოფნაშია, როგორც სპორტული, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. სტადიონებზე სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ სტადიონებს, სადაც ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართება, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.

ზაზა დოლიძე, თბილისის „დინამოს“ დირექტორი: „მიუხედავად პანდემიისა და კარანტინისა, ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ფეხით დადიოდნენ „დინამოს“ სტადიონსა და ბაზაზე, რათა სავარჯიშო და სათამაშო მოედნები უმაღლესი ხარისხის ყოფილიყო. იმედია, ეს ხელს შეგვიწყობს, რომ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ“.

მან არსებულ რეგულაციებზე ილაპარაკა: „ფეხბურთის ფედერაციიდან მატჩის ორგანიზების რეგლამენტი მივიღეთ. სამწუხაროდ, პირველ ეტაპზე მაყურებელი არ დაიშვება და იმედია, ეს მალე გამოსწორდება. ასევე შეზღუდულია მატჩის მომსახურე და დამსწრე პირთა რაოდენობა. შესაბამისად, ჩემპიონატი ცოტა უჩვეულო ფორმით განახლდება. მაგრამ ჩვენ ამ რეკომენდაციებს ზედმიწევნით დავიცავთ“.

ირაკლი რუხაძე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის დირექტორი: „პანდემიის მიუხედავად, ჩემპიონატის განახლებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ვემზადებოდით. მინდვრები მოწესრიგებული და მზადყოფნაშია. მინდვრებზე სამუშაოები ყოველ მესამე დღეს ტარდებოდა. ასე რომ, „მიხეილ მესხის“ ორივე სტადიონი წესრიგშია. უსაფრთხოების ყველა ნორმები მიღებულია და დაცული იქნება“.

თამაზ კიკვაძე, ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენას“ დირექტორი: „ფეხბურთის ფედერაციამ პირობა შეასრულა და ქუთაისში ახალი მოედანი გააკეთა, ეს თურქული საფარია, შეიცვალა სადრენაჟო და სარწყავი სისტემა, სფფ-მ საჩუქრად ახალი კარები და საკრეჭი მანქანა გადმოგვცა“.

ასლან ბალაძე, ბათუმის „დინამოს“ ტექნიკური დირექტორი: „ანგისას ბაზის დირექცია ჩემპიონატის განახლებისთვის ძალიან სერიოზულად ემზადება. მთავარია, მინდორი მშვენიერ მდგომარეობაშია და მიმაჩნია, რომ ბათუმის „დინამო“ სეზონის განახლებას კარგ მდგომარეობაში ხვდება“.

გია ისიანი, გორის „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის დირექტორი: „ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მინდორი შეგვენარჩუნებინა და სტადიონზე სისუფთავე ყოფილიყო. ამის გამო სტადიონზე სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩავატარეთ“.

დატოვე კომენტარი