ექსკლუზივი | ზივზივაძის მენეჯერი - ბუდუს ჩინელები დიდ თანხას სთავაზობენ, მაგრამ მას ევროპაში თამაში სურს # 1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძეს ჩინეთის კლუბები იწვევენ, მაგრამ მას ევროპაში დარჩენა და ტოპლიგის კლუბში თამაში სურს – „კარლსრუეს“ ქართველ ლეგიონერზე საქართველოს პირველ არხთან სიახლე მისმა მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ გაამხილა.
„ბუნდესლიგის ერთ-ერთ გუნდს ახლავე უნდა კონტრაქტის გაფორმება. ბუდუს ჩინეთის კლუბიდანაც ძალიან სარფიანი შეთავაზება აქვს, რომლის წარმომადგენლებიც თბილისში ჩვენი სააგენტოს მენეჯერს შეხვდნენ. ჩინელები საკმაოდ დიდ თანხას იხდიან, მაგრამ ბუდუს ევროპის ტოპჩემპიონატში თამაში სურს, რადგან ამით სანაკრებო კარიერაზე ფიქრობს. ასე რომ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის სად ითამაშებს.
ვფიქრობთ, რა იქნება სწორი ნაბიჯი, რადგან აჩქარება და გადაწყვეტილების დაუფიქრებლად მიღება დაუშვებელია. ბუდუ „კარლსრუეში“ თავს კარგად გრძნობს, რომელსაც თავად აქვს ბუნდესლიგაში დაწინაურების რეალური შანსი და ბუნებრივია, ეს გასათვალისწინებელია“, – ამბობს ლაშა ოდილაძე.
ბუდუ ზივზივაძე საშემოდგომო ეტაპზე ყველა ტურნირზე 20 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო მეორე ბუნდესლიგაში 17 მატჩში 12 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.