ექსკლუზივი | ვარლამ ლიპარტელიანი - მჯერა, წარმატებული სტარტი კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებამდე მიგვიყვანს
ექსკლუზივი | ვარლამ ლიპარტელიანი - მჯერა, წარმატებული სტარტი კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებამდე მიგვიყვანს

ძიუდოში დოჰას მასტერსის მესამე დღეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა:

„პირველ რიგში ქართველებს კალანდობას მოგილოცავთ და მინდა ჯანმრთელი და წარმატებული გარემო ვუსურვო სრულიად სამყაროს, ამასთან ძალიან დიდი გულისტკივილით მინდა აღვნიშნო ჩვენი საამაყო დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების ფაქტი, რადგან ეს თითოეული ჩვენგანისთვის მართლაც უდიდესი დანაკლისია.“

ლიპარტელიანმა შეჯიბრების მნიშვნელობაზეც ილაპარაკა:

„დოჰას მასტერსი ერთ-ერთი უძლიერესია ტურნირებს შორის და ვეცადე, რომ წლევანდელი წელი წარმატებით დამეწყო. რაც გამომივიდა ყველამ კარგად ნახეთ“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს რადიოსთვის გაკეთებულ კომენტარში და დასძინა, რომ ეს ტრიუმფი გუნდის ყველა წევრის დამსახურებაა.

„გუნდი წარმატებულად გამოვიდა. ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მწვრთნელებისთვისაც მნიშვნელოვანი ტურნირი იყო და მჯერა, რომ ეს წარმატებული სტარტი მთელი წლის განმავლობაში კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებამდე მიგვიყვანს“.

ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას ტურნირის უკვე სამგზის გამარჯვებულია, მას ეს შეჯიბრი 2017 და 2018 წელს აქვს მოგებული, ხოლო 2013 და 2019 წლებში დოჰაში ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.