ექსკლუზივი უზბეკეთიდან | ლუკა მაისურაძე - ვეცდებით, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ავაჟღეროთ [ვიდეო] #1TVSPORT

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მე-6 დღეს, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქში, ტაშკენტში მიმდინარეობს ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ლუკა მაისურაძემ მეორე წრეში ლიბანელი საგაიპოვი დაამარცხა, შემდეგ კი მონღოლ განტულგას სძლია. მეოთხედფინალში ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს დაუპირისპირდა, რომელიც იპონით დაამარცხა. ევროპის ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ ფინალის საგზურისთვის ბრძოლა იტალიელ კრისტიან პარლატისთან დამატებით დროში დათმო.

ლუკამ ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში კუბელი სილვა მორალესი დაამარცხა. მედლის მოპოვების შემდეგ კი მან განვლილი ტურნირი შეაფასა:

„ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი, მზად ვიყავი ჩემპიონობისათვის, რომ აგვეჟღერებინა საქართველოს ჰიმნი. მაგრამ ეს ძიუდოა, სადაც ერთი წამიც არ გვეპატიება. გახარებული ვარ, რომ მესამე ადგილი დავიკავე და საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი შევძინე.

ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მე და ლაშა ერთმანეთს ფინალში უნდა შევხვედრილიყავით, რაც ვერ შევძელით, მაგრამ მთელი დრო წინ არის, 6 თვეში ახალი მსოფლიო ჩემპიონატია და იქ ვეცდებით, რომ ფინალში ვიჭიდავოთ და საქართველოს ჰიმნი ავაჟღეროთ.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 ოქტომბერს ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.