ექსკლუზივი უზბეკეთიდან | ლაშა ბექაური - ამ შეჯიბრში დავრწმუნდი, რომ ყველას დამარცხება შემიძლია [ვიდეო] #1TVSPORT

უზბეკეთის დედაქალაქში, ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მე-6 დღეს ტატამზე ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე გამოვიდნენ, რომლებმაც საქართველოს ნაკრებს ორი ბრინჯაოს მედალი შემატეს.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატი იაპონელ კოსუკე მაშიამასთან მოგებით გახსნა, შემდეგ ბრაზილიელ რაფაელ მაჩედოს ვაზარით სძლია, ნახევარფინალის საგზური კი კუბელ სილვა მორალესთან ბრძოლაში მოიპოვა. ფინალში გასასვლელად ქართველი ძიუდოისტი მასპინძელ, უზბეკ დავლატ ბობონოვს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. ბექაურმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი ორი ულამაზესი გდებით დაამარცხა.

მედლის მოპოვების შემდეგ, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტურნირზე თავისი ასპარეზობა შეაფასა:

„ორი ბრინჯაოს მედალი ჩვენი ქვეყნისთვის სასიხარულოა. ბოლომდე ვიბრძოდით. პირადად მე, როცა ვიბრძოდი, ჩემ ხალხზე ვფიქრობდი, რომ ოქროს მედალი მომეტანა მათთვის და საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამთ, რაც მოხდა ის მოხდა. ამ შეჯიბრში დავრწმუნდი, რომ ყველას დამარცხება შემიძლია და მომავალში, როცა საქართველოში ჩავალ ,ორმაგი მოტივაციით ვივარჯიშებ და მოვემზადები მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიადისთვის.

ნახევარფინალში ვგრძნობდი, რომ მოწინააღმდეგე გათიშული მყავდა და ფინალში გავდიოდი, ვიცოდი, რომ ლუკაც აუცილებლად გამოვიდოდა ფინალში, რადგან ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძიუდოისტები დღეს ამ წონაში ჩვენ ვიყავით. ფინალში გასასვლელად მოტივირებული ვიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა.

იმ მომენტში (მსაჯების გადაწყვეტილების დროს) მეგონა, რომ გდებას მე მაძლევდნენ და არ მეგონა, რომ მომხსნიდნენ, შოკი იყო ჩემთვის, რადგან როცა ჩემპიონის მენტალიტეტი გაქვს დამარცხება არის ყველაზე ცუდი, მაგრამ კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა დარჩენილი ბრინჯაოს მედლისთვის და ვეცადე, რომ განწყობა მომეპოვებინა და დამევიწყებინა მარცხი.“

6 დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია. შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.