ექსკლუზივი | მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა და ბრძოლის თარიღი ცნობილია
ექსკლუზივი | მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა და ბრძოლის თარიღი ცნობილია

მერაბ დვალიშვილი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) მომდევნო ბრძოლას 5 დეკემბერს გამართავს. ქართველი მებრძოლის მეტოქე რეიტინგის მე-12 ნომერი კოდი სტამანი იქნება. ამერიკელს UFC-ში სულ 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 5 სტამანის გამარჯვებით დასრულდა, ერთხელ ფრე დაფიქსირდა, 2 ჯერ კი კოდიმ მარცხი განიცადა. უკანასკნელი ბრძოლა სტამანმა 16 ივლისს, ჯიმი რივერასთან გამართა და მარცხი განიცადა. მანამდე კი მან ბრაიან კელეჰერს მოუგო.

მერაბ დვალიშვილმა ცოტა ხნის წინ UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგის ტოპ 15-ში დაიმკვიდრა ადგილი (მე-13 პოზიცია რეიტინგში). ბოლოს ქართველმა ჯონ დოდსონი დამაჯერებლად დაამარცხა.

მერაბს ამერიკის შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

– როგორც ვიცით გაირკვა მომდევნო მეტოქის ვინაობა. ოფიციალურად დადასტურებულია თუ არა სტამანთან დაპირისპირება? სად შედგება ბრძოლა?

– დიახ გიდასტურებთ, რომ ჩემი მომდევნო მეტოქე იქნება კოდი სტამანი. ძალიან ძლიერი ამერიკელი მებრძოლი, რომელიც ჩემი დივიზიონის რეიტინგის მე-12 მებრძოლია. ჯერჯერობით UFC-ის ოფიციალურად ბრძოლა არ დაუანონსებია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მეც და კოდისაც კონტრაქტზე ხელი მოწერილი გვაქვს. ბრძოლა შედგება 5 დეკემბერს, დიდი ალბათობით, ლას ვეგასში, თუმცა ლოკაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

– რას იტყოდი კოდი სტამანზე? გამარჯვების შემთხვევაში შენ კვლავ დაწინაურდები რეიტინგში…

– უკვე ტოპ 15-ის მებრძოლი ვარ და ყველა მომდევნო მეტოქე და ბრძოლა უმნიშვნელოვანესი იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტამანი ძალიან ძლიერი მებრძოლია. მას კარგი დარტყმა აქვს და ასევე კარგად ჭიდაობს. რთულ დაპირისპირებას ველოდები, თუმცა, რა თქმა უნდა, მჯერა ჩემი ძალების და მხოლოდ გამარჯვებაზე ვარ ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მონდომების, გამძლეობის და სხვა თვისებების ხარჯზე კვლავ შევძლებ წარმატების მიღწევას და ჩემი გულშემატკივრების გახარებას.

– მეტოქედ მხოლოდ კოდი სტამანი განიხილებოდა, თუ იყო სხვა ვარიანტებიც?

– როდესაც ტოპ 15-ის მებრძოლი ხარ, ნებისმიერი ტესტისთვის მზად უნდა იყო. არაერთხელ მითქვამს, რომ მზად ვარ ნებისმიერ მეტოქეს შევხვდე ოქტაგონზე. მხოლოდ ერთხელ გამოვიწვიე მებრძოლი და ეს იყო შონ ომალი, თუმცა ამ ბრძოლის გამართვა ვერ მოხერხდა. კოდი სტამანთან გამარჯვება დადებითად აისახება ჩემს კარიერაზე და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ.

– ბრძოლისთვის ნიუ იორკში მოემზადები?

– ჩემს გუნდთან ერთად უკვე დაწყებული მაქვს მზადება. საკმაოდ დიდი დროა ბრძოლამდე და ვფიქრობ, რომ სტამანთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრას საუკეთესო ფორმაში შევხვდები.

დატოვე კომენტარი