ბათუმი 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად განიხილება - ექსკლუზივი [ვიდეო]

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, ბათუმმა წელსვე მსოფლიოს ჩემპიონატსაც უმასპინძლოს. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა ექსკლუზიურად განუცხადა.

მისი თქმით, წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ტაილანდშია დაგეგმილი, თუმცა ქვეყანა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და დიდი ალბათობით ამ ტურნირის მასპინძლობის უფლებასაც დაკარგავს.

როგორც კახიაშვილი ამბობს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ტაილანდის ჩასანაცვლებლად თავიდან შეარჩია ოთხი ქვეყანა – რუსეთი, ყაზახეთი, ჩინეთი და საქართველო, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთი, ყაზახეთი და ჩინეთი დოპინგ სკანდალების გამო შარშან ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და სხვადასხვა სპორტის სახეობების ფედერაციებს რეკომენდაციით მიმართა,  ამ ქვეყნებში მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ჩატარებისგან დროებით თავი შეიკავონ. გამომდინარე აქედან, საქართველო ყველაზე რეალური კანდიდატია და ტაილანდში ტურნირის ჩატარება საბოლოოდ თუ გამოირიცხა, მაშინ მხოლოდ ქართული მხარის თანხმობა იქნება საჭირო.

„წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება ტაილანდს აქვს, თუმცა სერიოზული პრობლემებია და საერთაშორისო ფედერაციამ ამ ტურნირს ტაილანდში ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. შემდეგ შემოგვთავაზეს ჩვენ, რომ თუ გვსურდა დიდი „ივენთის“ მასპინძლობა, მსოფლიოს ჩემპიონატი ბათუმში ჩაგვეტარებინა. ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, რადგან ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული და ვესაუბრებით სპორტის ხელმძღვანელებს, რომლებთანაც საბოლოო ჯამში ყველაფერი უნდა შევათანხმოთ“, – ამბობს სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ 6-13 აპრილს ბათუმი უმასპინძლებს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.