ექსკლუზივი | ილია თოფურია - ვფიქრობ, ზალალთან ბრძოლას ნაადრევად დავასრულებ
ექსკლუზივი | ილია თოფურია - ვფიქრობ, ზალალთან ბრძოლას ნაადრევად დავასრულებ

23 წლის დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი ილია თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას 11 ოქტომბერს აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე გამართავს. ქართველი სპორტსმენის მეტოქე მაროკოელი იუსუფ ზალალი იქნება. „მაროკოელ ეშმაკს“ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დებიუტი 8 თებერვალს, UFC 247-ზე ჰქონდა, სადაც ამერიკელ ოსტინ ლინგოს სძლია. მიმდინარე წელს მან კიდევ ორჯერ იბრძოლა და ორივე დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა.

თოფურია ქვემსუბუქი (featherweight) წონის წარმომადგენელია. მას 100%-იანი ვადამდელი გამარჯვების მაჩვენებელი აქვს. შვიდი ორთაბრძოლა ილიამ პირველივე რაუნდში დაასრულა, ხოლო ერთში მეორე რაუნდში გაიმარჯვა.

თოფურია გერმანიაში დაიბადა, მაგრამ საქართველოსა და ესპანეთის სახელით ასპარეზობდა. UFC-ში ის მხოლოდ საქართველოს სახელით გამოვა. შეგახსენებთ, რომ ამავე ქარდზე UFC-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება გიგა ჭიკაძე, რომლის მეტოქე ომარ მორალესი იქნება.

ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ილიას აბუ დაბიში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

– UFC-ში სადებიუტო ბრძოლამდე 4 დღე რჩება. როგორ გრძნობ თავს? იუსუფ ზალალს UFC-ში 3-დან 3 მოგება აქვს და საკმაოდ სერიოზული მეტოქეამ რას იტყოდი შენს მეტოქეზე ?

-კარგ ფორმაში ვარ, ოქტაგონზე გასასვლელად და წარმატების მისაღწევად მზად ვარ. დაგეთანხმებით, ძლიერი მეტოქე მყავს. იუსუფ ზალალი UFC-ის ოქტაგონზე დაუმარცხებელია. მან სამიდან სამი ბრძოლა მსაჯთა გადაწყვეტილებით მოიგო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ რომ ზალალთან ბრძოლაში საგრძნობი უპირატესობა მექნება. მიმაჩნია, რომ მასზე გაცილებით მაღალ დონეზე შემიძლია პარტერში თავის გამოჩენა. აქვე ვივარაუდებ, რომ ბრძოლა მსაჯთა გადაწყვეტილებამდე არ მივა და ნაადრევ გამარჯვებას მოვიპოვებ.

– სადებიუტო ბრძოლისთვის საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეგირჩიეს. გამარჯვების შემთხვევაში ეს კარგი განაცხადი იქნება პრომოუშენის დებიუტანტისთვის.

– გეთანხმებით, სერიოზული მოწინააღმდეგე მყავს სადებიუტო ბრძოლისთვის, თუმცა ყველასთან საბრძოლველად მზად ვარ. შემეძლო უფრო ძლიერ მეტოქესაც შევხვედროდი. როდესაც UFC-ში ხარ, ვფიქრობ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ჩემთვის ნებისმიერი ბრძოლა უმნიშვნელოვანესია და გამონაკლისი არც ზალალთან დაპირისპირებაა. მოუთმენლად ველოდები ოქტაგონზე გასვლას.

ქარდზე ორი ქართველი იბრძოლებთ. შენ და გიგა ჭიკაძე. ეს გარკვეულწილად ისტორიული მოვლენაა, ორ ქართველს აქამდე UFC-ის ერთ ქარდზე მონაწილეობა არ მიუღია.

– ძალიან გამიხარდა, როდესაც შევიტყვე, რომ ქარდზე ორი ქართველი გავმართავთ ორთაბრძოლას. გიგა ჭიკაძეს უკვე შევხდი და გავიცანი. აქამდე მხოლოდ სოციალური ქსელიდან ვიცნობდი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, მეც და გიგაც გამარჯვებას მოვიპოვებთ და ჩვენს ქვეყანას გავახარებთ.