ექსკლუზივი | გიორგი ნემსაძე - დიახ, ასეა, „დილადან“ წამოვედი
ექსკლუზივი | გიორგი ნემსაძე - დიახ, ასეა, „დილადან“ წამოვედი

ეროვნული ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში გორის „დილა“ „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ „სამტრედიას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ მატჩის შემდეგ გიორგი ნემსაძემ გორის „დილას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაციის გადამოწმებისთვის მას დავუკავშირდით და ეს ამბავი დაგვიდასტურა.

„დიახ, ასეა – მატჩის შემდეგ გუნდის დატოვება გადავწყვიტე – მე გორის „დილაში” აღარ ვმუშაობ,“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ნემსაძემ.

გორის „დილა“ 20 ქულის ამარა დარჩა და ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ დაწევის შანსი დაკარგა. მაგრამ ეს იყო გადადგომის მიზეზი თუ სხვა რამ, ნემსაძემ ამაზე ლაპარაკი არ ისურვა.

„ახლა კომენტარის გარეშე შემოვიფარგლები. უბრალოდ დაგიდასტურებთ ინფორმაციას, რომ „დილა“ მართლა დავტოვე. დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკებ,“ – ამბობს ნემსაძე.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გიორგი ნემსაძე ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი თამაშობდა თბილისის „დინამოში“; ლანჩხუთის „გურიაში“; თბილისის „შევარდენში“; გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“; შვეიცარიის „გრასჰოპერში“. საქართველოს ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი.

2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. იყო საქართველოს 17-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი. გორის „დილას” 2019 წლიდან ავარჯიშებდა.

მისი მისვლის დროს, გორის „დილა” ეროვნული ლიგის აუტსაიდერი იყო. ნემსაძემ მოახერხა და ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა. წელს კი მისი ხელმძღვანელობით გუნდი ათამაშდა და მე-8 ტურამდე გათამაშებას ლიდერობდა, საბოლოოდ კი წრე მესამე ადგილზე დაასრულა. ამჟამად გუნდს ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების რეალური იმედი გააჩნია.

შევიტყვეთ, რომ გიორგი ნემსაძესთან ერთად, გუნდი მისმა თანაშემწემ, ლაშა ჭელიძემაც დატოვა.