(ექსკლუზივი) გიორგი ხვედელიანი - ჰანოვერთან მატჩში გულშემატკივრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება
(ექსკლუზივი) გიორგი ხვედელიანი - ჰანოვერთან მატჩში გულშემატკივრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება

წყალბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-6 ტურის მატჩები 3 და 4 დეკემბერს გაიმართება. თბილისის „დინამო“ ტურნირზე მესამე საშინაო მატჩისთვის ემზადება, რომელსაც „ჰანოვერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 4 დეკემბერს თბილისში, „ოლიმპიკის“ აუზზე, 18 საათსა 30 წუთზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, აქამდე ჩატარებულ 5 შეხვედრაში „დინამოს“ მსგავსად არცერთი მოგება არ აქვს გერმანულ კლუბს. ტურნირზე „დინამოს“ მიერ ჩატარებულ განვლილ მატჩზე და მომდევნო ტურის შეხვედრაზე, საქართველოს პირველი არხთან კლუბის პრეზიდენტმა გიორგი ხვედელიანმა ისაუბრა.

4 დეკემბერს თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე საშინაო მატჩს გამართავს. რა შანსი აქვს ქართულ კლუბს მე-6 ტურის შეხვედრაში?

აღნიშნულ შეხვედრაში „ჰანოვერი“ ფავორიტად მიიჩნევა. გერმანული კლუბი წლებია ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობს, წლიდან წლამდე აუმჯობესებენ თამაშის ხარისხს. მიმდინარე გათამაშებაში ჯერჯერობით არც ჩვენ და არც „ჰანოვერს“ თამაში არ მოგვიგია, ასე რომ ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩის მოლოდინში ვართ.

განვლილ ტურში „დინამოს“ შემადგენლობას ტრავმის გამო ზუკა რურუა და ბექა ქავთარაძე დააკლდნენ. რამდენად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს გუნდი „ჰანოვერის“ წინააღმდეგ?

წინა შეხვედრაში გუნდის კაპიტანი ზუკა რურუა ტრავმის გამო დაგვაკლდა. ზუკა ვერც „ჰანოვერთან“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ის „პრო რეკოსთან“ შეხვედრაში შემოგვიერთდება. რაც შეეხება ბექა ქავთარაძეს, იგი დიდი ალბათობით შეძლებს „ჰანოვერთან“ თამაშს.

„მარსელთან“ დაპირისპირებას როგორ შეაფასებთ? თბილისში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ „ფერენცვაროშთან“ ჩატარებული კარგი შეხვედრის შემდეგ გულშემატკივარი ფრანგულ კლუბთან უკეთესს თამაშს ელოდა.

„მარსელთან“ პირველივე წუთიდან დაცვაში თამაშისას დაბნეულობა იგრძნობოდა. ძალიან უარყოფითად მუშაობს გუნდის ფსიქიკაზე, როდესაც გუნდის პირველი დამცველი თამაშის დასაწყისში ასეთ უხეშ შეცდომებს უშვებს. დაცვაში ცუდი თამაშის მიუხედავად, შეტევაში შევქმენით მომენტები, თუმცა არ გაგვიმართლა. ვიმედოვნებ, გულშემატკივარს სწორად ესმის, თუ რა დონის ტურნირში ვმონაწილეობთ. გუნდს დრო სჭირდება გამოცდილების დასაგროვებლად.

როგორ აფასებთ ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამოს“ განვლილ შეხვედრებს? ხუთი ჩატარებული მატჩის შემდეგ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გამოჩნდა?

საერთო ჯამში, გუნდის ზოგადი განვითარებით კმაყოფილები ვართ, იგრძნობა წინსვლა ბევრ კომპონენტში. ასეთი ინტენსიური სათამაშო კალენდარი ხელს უწყობს მწვრთნელს სწორად დაინახოს სუსტი და ძლიერი მხარეები, დღეში 5 საათი ვარჯიშობს გუნდი იმისათვის, რომ გამოასწორონ ხარვეზები.

4 დეკემბერს თბილისის „დინამოსა“ და „ჰანოვერის“ მატჩზე დასასწრები ბილეთებიდან შემოსულ თანხას კლუბი საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებს. კონკრეტულად რა იგეგმება?

გერმანულ კლუბთან გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ბიჭებისთვისაც საკუთარი ქომაგის წინაშე თამაში დამატებითი მოტივაციაა. რაც შეეხება „ჰანოვერთან“ გაყიდული ბილეთებიდან შემოსულ თანხას, კლუბის ხელმძრვანელობისა და წყალბურთელების გადაწყვეტილებით, იგი სრულად მოხმარდება 5 წლის მარიამს, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია.

წყალბურთი. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მე-6 ტური

3 დეკემბერი „ა“ ჯგუფი

22:15 ბარსელონეტა -ოლიმპიაკოსი

20:00 დუბროვნიკი-შოლნოკი

23:30 იადრანი სტ-იადრანი ჰნ

21:00 ყაზანი- შპანდაუ

4 დეკემბერი „ბე“ ჯგუფი

21:30 ბუდაპეშტი-პრო რეკო

18:30 დინამო თბილისი – ჰანოვერი

23:30 მარსელი-ტერასა

22:00 ფერენცვაროში-მლადოსტი