ექსკლუზივი | გიორგი ათაბეგაშვილი - მადლობა პირველ არხს ძიუდოს გულშემატკივრების გახარებისთვის #1TVSPORT
ექსკლუზივი | გიორგი ათაბეგაშვილი - მადლობა პირველ არხს ძიუდოს გულშემატკივრების გახარებისთვის #1TVSPORT

საქართველოს პირველმა არხმა ქართული სპორტის გულშემატკივრებს მორიგი საჩუქარი გაუკეთა. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 29 აპრილს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც პირველ მაისს დასრულდება. ტურნირის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კონტინენტის მომავალ პირველობაზე და სპორტის გულშემატკივრებისთვის საინტერესო თემებზე სასაუბროდ პირველი არხი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დაუკავშირდა. გიორგი ათაბეგაშვილმა სპორტის მოყვარულთა მოთხოვნის შესრულებისთვის ჩვენს ტელევიზიას მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ევროპის ჩემპიონტზე ქართველი ძიუდოისტების მიზანია, წინა კონტინენტის პირველობებზე საკუთარი შედეგების გაუმჯობესება. ათაბეგაშვილმა ნაკრების შემადგენლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი ძლიერი შემადგენლობით ჩვენი გუნდი ოლიმპიადის შემდეგ არ გამოსულა.

ნაკრების ერთადერთი სერიოზული დანაკლისი ტოკიოს ოლიმპიური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლაშა ბექაურია. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლაშამ გადატანილი ოპერაციების შემდეგ ვარჯიში უკვე განაახლა და მისი დაბრუნების სავარაუდო ვადად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაასახელა.

გიორგი ათაბეგაშვილმა ვარლამ ლიპარტელიანის ნაკრებში დაბრუნებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისასალმებელია ასეთი გამოცდილი ძიუდოისტის ჩვენს გუნდში ყოფნა, ლიპარტელიანის და სულამანიძის დონის ძიუდოისტების ერთ წონაში ასპარეზობა ნებისმიერი ნაკრებისთვის ფუფუნებაა, კონკურენცია ახალგაზრდებს მხოლოდ გააძლიერებს – განაცხადა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი სპორტსმენი იჭიდავებს.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლუხუმ ჩხვიმიანი (-60), ჯაბა პაპინაშვილი (-60)

ვაჟა მარგველაშვილი (-66)

ლაშა შავდათუაშვილი (-73)

ტატო გრიგალაშვილი (-81)

ლუკა მაისურაძე (-90)

ილია სულამანიძე (-100)

ვარლამ ლიპარტელიანი (-100)

გურამ თუშიშვილი (+100)

ეთერ ლიპარტელიანი (-57)

სოფიო სომხიშვილი (+78)