ექსკლუზივი - გაირკვა იმ მოთამაშეთა სია, რომლებიც შესაძლოა, მალე უცხოეთში ვიხილოთ #1TVSPORT
საფეხბურთო სააგენტო FA Players Agents-ის თანადამფუძნებელმა გუგა კაჭახიძემ ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხთან ის ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეები დაასახელა, რომელთა ტრანსფერებზეც მუშაობენ და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში კარიერა უცხოეთში გააგრძელონ.
„ამ ეტაპზე დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით ვმუშაობთ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელთან, ესენი არიან თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა, უდაოდ პერსპექტიული ფეხბურთელები: ჯადული იობაშვილი, გაბრიელ სიგუა, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, აჩიკო დათუაშვილი, რაულ ბარათელია და სხვები. თოთოეულ მათგანზე დიდ იმედებს ვამყარებთ და გვჯერა, რომ ისინი თავისი პროფესიონალიზმით და შრომისმოყვარეობით შეძლებენ მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაშს“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გუგა კაჭახიძემ.

მან ის ბარიერებიც დაასახელა, რასაც ქართველი ახალგაზრდები ტოპ-5-ში გადასვლისას აწყდებიან: „სამწუხაროდ, ევროპულ ტოპ-ლიგებში ჩვენი მოთამაშეების გადასვლას ბევრი რამ უშლის ხელს. მათ შორის, გეოგრაფიული დაშორებაც ერთ-ერთია მიზეზია, თუმცა ბევრი სხვა ხელისშემშლელი ფაქტორიც არსებობს, განსაკუთრებით არაევრკოავშირელის სტატუსი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ევროპელთა დაინტერესების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, ვინაიდან ჩვენ ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს“.
კაჭახიძის თქმით, ევროპაში ქართველი ფეხბურთელებით დაინტერესება გაზრდილია: „ამ ყოველივეს გარკვეულმა გარემობებმა შეუწყო ხელი, მათ შორის იმ რებრენდინგმა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განხორციელა. „მე ვარ საქართველო“ – ეს ძალიან მაგარი სლოგანია, რომელიც თითოეულ მოთამაშეზე და გულშემატკივარზე ემოციურად დადებითად მოქმედებს. ჩემი აზრით, ნაკრებს ერთა ლიგამდე ამან დიდი ბიძგი მისცა. დარწმუნებულო ვარ, ნაკრები წარმატებულ თამაშს გააგრძელებს და წინ კიდევ სხვა ბევრი წარმატება გველოდება“.

შეგახსენებთ, რომ გუგა კაჭახიძემ და საფეხბურთო სააგენტო FA Players Agents-მა ბოლო ორ კვირაში ორი უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი განახორციელეს – ლუკა ლოჩოშვილი სერია „ა“-ს „კრემონეზეში“ გადაიყვანეს, ხოლო ლუკა პარკაძე – მიუნხენის „ბაიერნში“.