ექსკლუზივი | ბუდუ ზივზივაძის მენეჯერი - ფანებისა და კლუბისადმი უპატივცემულობის გამოხატვა არც უფიქრია, იმედია, „ფეჰერვარი“ შემადგენლობაში დააბრუნებს #1TVSPORT
ექსკლუზივი | ბუდუ ზივზივაძის მენეჯერი - ფანებისა და კლუბისადმი უპატივცემულობის გამოხატვა არც უფიქრია, იმედია, „ფეჰერვარი“ შემადგენლობაში დააბრუნებს #1TVSPORT

უნგრეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის გადადებულ მატჩში „ფეჰერვარი“ შინ „უიპეშტთან“ 0:1 დამარცხდა – დიდი ალბათობით, ბუდუ ზივზივაძისთვის ეს მატჩი „ფეჰერვარის“ ფორმით ბოლო მატჩი იყო, რადგან მარცხის შემდეგ ყოფილი კლუბის მოთამაშესთან მაისურის გაცვლა და სტუმართა გულშემატკივრებისთვის პატივისცემის გამოხატვა არ აპატიეს და სარეზრევო გუნდში გადაიყვანეს.

საქართველოს პირველი არხი უნგრეთში ფეხბურთელის მენეჯერს, ლაშა ოდილაძეს დავუკავშირდა, რომელმაც მომხდარზე ისაუბრა:

ფეჰერვარისა“ და „უიპეშტის“ მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა და რა თქმა უნდა, მასპინძლების მაყურებლები გაღიზიანებულები იყვნენ. მატჩის შემდეგ ბუდუმ ყოფილ თანაგუნდელებს გულწრფელად მოგება მიულოცა, რადგან „უიპეშტის“ ფეხბურთელი იყო და ამ სპორტულ საქციელში ჩემი აზრით, ცუდი არაფერი იყო.

მატჩის შემდეგ „უიპეშტის“ ფეხბურთელმა ვინსენტ ონოვომ მაისურა სთხოვა და ერთმანეთში გაცვალეს. ეს მაისური ბუდუმ გადაიცვა. ამ დროს „უიპეშტის“ გულშემატკივრები სკანდირებდნენ ბუდუს სახელს, რადგან ძალიან აფასებენ და უყვართ – ამიტომ წავიდა მათკენ, რომ მადლობა ეთქვა. ამაშიც ვერ ვხედავ ისეთ საქციელს, ვინმემ რომ ვერ გაიგოს. მაგრამ წაგების ემოციებზე „ფეჰერვარის“ ფანებმა ჩათვალეს, რომ ბუდუ ამას პროვოკაციულად აკეთებდა.

სინამდვილეში, მსგავსი რამ თავში აზრად არც მოსვლია. მაგრამ ადამიანია, შესაძლოა, ემოციები სხვაგვარად გამოხატა და თავის ყოფილ გუნდელებს მიულოცა, სტადიონზე კი დიდი ხმაური იყო – „ფეჰერვარის“ გულშემატკივრებმა დაიბარეს თავისი ფეხბურთელები, რა დროსაც ბუდუმ „უიპეშტის“ ფორმა გადაიცვა და გასახდელში შევიდა. უკმაყოფილება ამან გამოიწვია.

დიახ, ბუდუ ელაპარაკა სპორტულ დირექტორს და აუხსნა, რომ არანაირი პროვოკაციული ჩანაფიქრი არ ჰქონია – ყველა ადამიანი განსხვავებულია და ემოციას სხვაგვარად გამოხატავს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ემოციები ჩაცხრება, ვითარება გაირკვევა და გამოსწორდება. აუცილებლად შევხვდები „ფეჰერვარის“ სპორტულ დირექტორს, რომელსაც 20 წელზე მეტია ვიცნობ და გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ვითარება ავუხსნა. მას ვთხოვ, რომ ბუდუ ძირითად გუნდში დააბრუნონ, რადგან გუნდის და მისი ფანების საწინააღმდეგოდ არაფრის გაკეთება არ სურდა. მაგრამ ვიმეორებ, ადამიანები ვართ და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ.

ზაფხულში ბუდუს რამდენიმე გუნდი იწვევდა. ბუდუს გერმანიაში თამაში სურდა და ეს ვარიანტი მოეწონა. მაგრამ სპორტულმა დირექტორმა თხოვნით მოგვმართა, რომ თავდამსხმელების სიმცირის გამო არ წავსულიყავით. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ, რა თქმა უნდა, ადამიანურად გავუგეთ და პრობლემა არ შეგვიქმნია. ასე რომ, იმედი მაქვს, ახლა „ფეჰერვარის“ ადმინისტრაციაც გაგვიგებს. ჩემი გადასახედიდან, მათთვისაც კარგი იქნება რაღაც დროის განმავლობაში ბუდუ მთავარ გუნდში დააბრუნონ, რადგან გუნდს გამოადგება, დეკემბერში კი იქნებ ისევ გამოჩნდნენ დაინტერესებულები და „ფეჰერვარი“ ტრანსფერში ფულს აიღებს.

შესაძლოა, ემოციების გამო რაღაცა სხვაგვარად გამოჩნდა, მაგრამ ბუდუს შეგნებულად თავისი ფანების გასაღიზიანებლად არაფერი გაუკეთებია და თუ უნებლიედ გული ვატკინეთ, ამის გამო გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი და ბუდუს სახელითაც მოვუხდი. შევხვდები სპორტულ დირექტორს და იმედია, ჩვენი ურთიერთპატივისცემა იმოქმედებს – საბოლოოდ, იმედია, ბუდუ დაეხმარება გუნდს, გუნდი კი – ბუდუს“, – ამბობს ლაშა ოდილაძე.