ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან - ვიცოდი, რომ მთელი საქართველო ელოდა ამ ბრძოლას და შეცდომის უფლება არ მქონდა
ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან - ვიცოდი, რომ მთელი საქართველო ელოდა ამ ბრძოლას და შეცდომის უფლება არ მქონდა

რომან დოლიძემ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დებიუტი ბრწყინვალე გამარჯვებით აღნიშნა. შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელმა ქართველმა ათლეტმა რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში შთამბეჭდავი ნოკაუტით დაამარცხა.

ბრძოლა სპორტსმენებმა ერთმანეთის დაზვერვით დაიწყეს და პირველ წუთებში არც ერთი მათგანი არ აქტიურობდა. დარტყმების გაცვლებში დოლიძის უპირატესობა მალევე გამოიკვეთა. პირველი რაუნდის მიწურულს მან მეტოქეს ფეხით ძლიერი დარტყმა მიაყენა, ნოკდაუნში გაუშვა და ჰერბ დინს იბრაგიმოვის გადარჩენა მოუხდა.

რომანმა კარიერაში მე-7 გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ ოქტაგონზე დაუმარცხებელ ქართველ სპორტსმენს დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

შესანიშნავი, დაუვიწყარი დებიუტი გქონდა. როგორ შეაფასებდი ბრძოლას და მეტოქეზე რას იტყოდი?

ძალიან კარგი მოწინააღმდეგე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ორი წაგება ჰქონდა UFC-ში, საკმაოდ ძლიერი და მოტივირებული მეტოქეა. მე მქონდა ნანახი მისი კარიერის რამდენიმე ბრძოლა. ის მსოფლიოს თასისა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია საბრძოლო სამბოში. ეს ძალიან სერიოზული შედეგებია სპორტსმენისთვის. ასევე ხადისს კარგი კარიერა ჰქონდა M-1-ის ლიგაში. იქ ჩემპიონის ტიტულსაც ფლობდა და UFC-ში დაუმარცხებელი გადმოვიდა. აქედან გამომდინარე მახარებს, რომ ასეთ ძლიერ სპორტსმენთან მოვახერხე ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება. მე მის ორ წაგებას ყურადღებას არ ვაქცევდი. ბრძოლას მომზადებული ტაქტიკით შევხდი და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად შევასრულე. გეგმას მივყევი და შედეგსაც მივაღწიე. ჩემი ჩანაფიქრი იყო, რომ პირველ რაუნდში ბევრი მემოძრავა და რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დამეშვა. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონტრშეტევაზე მისი დაჭერა იყო და როგორც ნახეთ, გეგმა პირნათლად შევასრულე. როდესაც შეტევის პირველივე შანსი მომეცა, დგომი შევცვალე და მოულოდნელი დარტყმა განვახორციელე.

როდის გსურს შემდეგი ბრძოლის გამართვა?

ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ წარმატებული დებიუტი მქონოდა. ვიცოდი რომ მთელი საქართველო ელოდა ჩემს ბრძოლას და საგულდაგულოდ მოვემზადე. ამჟამად მსურს, რომ რამდენიმე კვირა დავისვენო. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ არავითარი ტრავმა არ მაქვს და იმ შემთხვევაში თუ რაიმე შემოთავაზება მექნება აუცილებლად განვიხილავ და შესაძლებელია, რომ დაპირისპირება უფრო ადრეც გავმართო. მე ნებისმიერ დროს მზად ვარ რომ ვიბრძოლო.

აბუ დაბიდან სად აპირებ გამგზავრებას?

ძალიან მინდოდა, რომ გამარჯვების შემდეგ საქართველოში ჩამოვსულიყავი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, სამწუხაროდ, ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებას ვერ ვახერხებ. როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, მსურს, რომ საქართველოში გარკვეული პერიოდით ჩამოვიდე.

დატოვე კომენტარი