ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან - ძალიან მიხარია, რომ ქართველი მებრძოლები ჩვენს ხალხს ვახარებთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია
ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან - ძალიან მიხარია, რომ ქართველი მებრძოლები ჩვენს ხალხს ვახარებთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია

UFC-ში „ქართული დომინაცია“ გრძელდება. გუშინ ლას ვეგასში მორიგი ქარდი (VEGAS 16) შედგა, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ღონისძიებაზე ორი ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე და ილია თოფურია გამოდიოდნენ.

23 წლის დაუმარცხებელმა ილია თოფურიამ ეფექტური ნოკაუტით მოუგო დეიმონ ჯექსონს და კარიერაში რიგით მე-10 გამარჯვება მოიპოვა. რომან დოლიძეს მეტოქე კი ბრაზილიელი ჯონ ალანი იყო. ქართველი სპორტსმენის უპირატესობა სამივე რაუნდის განმავლობაში აშკარა იყო. რომანმა რამდენჯერმე ბრძოლის დასრულება მტკივნეული ილეთითაც სცადა, თუმცა მეტოქემ რთული მდგომარეობიდან დაძვრენა შეძლო. საბოლოოდ მსაჯებმა რომანის გამარჯვება გაყოფილი გადაწყვეტილებით დააფიქსირეს, რაც საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა, რადგან ნათელი იყო, რომ დოლიძემ სამივე რაუნდი მოიგო. კრის ლის უცნაურ გადაწყვეტილებაზე მოგვიანებით UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაიტმაც ისაუბრა, რომელმაც პრესკონფერენციაზე სამსაჯო პრობლემებზე ისაუბრა და იმედი დაიტოვა, რომ მომავალში მსგავსი სახის ხარვეზები აღმოიფხვრება.

რომან დოლიძეს UFC-ში ორიდან ორი ბრძოლა აქვს მოგებული. შერეულ ორთაბრძოლებში კი მისი რეკორდი ძალიან შთამბეჭდავად გამოიუყურება – 8 გამარჯვება და არც ერთი მარცხი. ჩვენ რომანს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ლას ვეგასში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

– პირველად მოხდა ისე, რომ შენი ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა. როგორ გეგმავდი დაპირისპირების წარმართვას და საერთო ჯამში რამდენად კმაყოფილი ხარ შედეგით?

დიახ, პირველად მოხდა ისე, რომ ჩემი ბრძოლა მივიდა მსაჯების გადაწყვეტილებამდე. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ერთ-ერთმა მსაჯმა მეტოქეს მისცა გამარჯვება, მაგრამ რაც მთავარია საბოლოო შედეგი ჩვენს სასარგებლოდ დაფიქსირდა. მე პირადად ვფიქრობდი, რომ ბრძოლას ნაადრევად დავასრულებდი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჯონ ალანი ძლიერი ხასიათის მქონე სპორტსმენი აღმოჩნდა. როდესაც მე მას მტკივნეული ილეთი გავუკეთე, საკმაოდ რთული სიტუაციიდან გამოძვრა და ძლიერ ტკივილს გაუძლო. ისეთი ხმა გავიგე ილეთის გაკეთებისას, რომ ვფიქრობ, მან შესაძლოა სერიოზული ტრავმაც მიიღო, თუმცა მიუხედავად ამისა არ დანებდა და ბრძოლა დაასრულა. რაუნდების განმავლობაში ვამჩნევდი, რომ მას ფეხი მუდმივად აწუხებდა და კომფორტულად არ გრძნობდა თავს. ამ ილეთის განხორციელებისას საკმაოდ ბევრი ენერგია დავხარჯე და ზოგადად ძალიან კარგი დაპირისპირება იყო მეტი გამოცდილების მისაღებად. ვიცით უკვე რომ სამი რაუნდის განმავლობაში შემიძლია აქტიურობა და დომინირება და ეს ყველაზე მთავარია.

– ბრძოლის დროს რაიმე ტრავმა ხომ არ მიიღე?

არავითარი ტრავმა არ მაქვს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ალბათ, ერთი ხუთი დღე დავისვენებ და შემდგომ კვლავ განვაგრძობ ვარჯიშს და მომდევნო ბრძოლისთვის მზადებას.

– ალანთან ბრძოლის პირველ რაუნდში ახლოს იყავი მტკივნეული ილეთით დაპირისპირების დასრულებასთან. რა დაგაკლდა რომ ილეთი დაგესრულებინა?

მე მტკივნეული ილეთების კეთების ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და გეტყვით, რომ იმისათვის რომ heel hook-ი უფრო ეფექტური რომ იყოს, შიდა მხრიდან უნდა გქონდეს მეტოქის ფეხი დაფიქსირებული. ეს გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე გარე მხრიდან ამის მცდელობა. მიუხედავად ამისა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ალანმა საკმაოდ სერიოზულ ტკივილს გაუძლო და ხასიათი გამოავლინა. ამისათვის ის პატივისცემას იმსახურებს.

– ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში განაცხადე, რომ 84 კგ-შიც გსურს ბრძოლის გამართვა. როდის გსურს მომდევნო დაპირისპირების ჩატარება და შეგიძლია დაგვიდასტურა, რომ ეს ბრძოლა იქნება 84 კგ წონით დივიზიონში?

ოქტაგონზე დაბრუნება ძალიან მალე მსურს. როგორც უკვე გითხარით მწყობრში ვარ და მზად ვარ შემდეგი გამოცდისთვის. რეალისტურად თუ შევხედავთ საკითხს, სავარაუდოდ მომდევნო დაპირისპირებას იანვარში ან თებერვალში ჩავატარებ, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ამჟამად ისეთი მდგომარეობაა, რომ ვიათარება ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. შევიცვლი თუ არა დივიზიონს და ჩავალ თუ არა 84 კგ-ში ამაზე დაზუსტებით დღეს ვერ გიპასუხებთ, ამ საკითხს ჩემს მენეჯერთან, ალი აბდელაზიზთან ერთად გადავწყვიტავ.

– ილია თოფურიას ბრძოლას თუ უყურე? რომ შეაფასო ახალგაზრდა ქართველი ტალანტის გამოსვლა.

ილია თოფურია და მე ქარდის დაწყებამდე ერთად ვხურდებოდით. ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მებრძოლია და ეს მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ულამაზესი გამარჯვება მოიპოვა და უაღრესად გახარებული ვარ რომ ქართველი მებრძოლები ჩვენი ხალხის გახარებას ვაგრძელებთ.

– საქართველოში ხომ არ აპირებ უახლოეს მომავალში ჩამოსვლას?

ძალიან მომენატრა ჩემი სამშობლო. ძალიან მსურს საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა რთული ეპიდვითარების გამო ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. მგზავრობასთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ გართულებულია და როგორც კი ამ მხრივ რაიმე დადებითი სიახლე იქნება სამშობლოში დავბრუნდები.

აქვე შეგიძლიათ მოისმინოთ რომან დოლიძის ბრძოლის შემდგომი ინტერვიუ: