ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან - მთავარია, რომ არა მარტო ჩემს შვილებს, არამედ გუნდის ყველა წევრს სჯერა ჩვენი და მზად არიან, დავალებები წარმატებით შეასრულონ #1TVSPORT
ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან - მთავარია, რომ არა მარტო ჩემს შვილებს, არამედ გუნდის ყველა წევრს სჯერა ჩვენი და მზად არიან, დავალებები წარმატებით შეასრულონ #1TVSPORT

ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე 20 და 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს 20-წლამდელთა შორის 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე საბა ასანიძემ ატაცში ვერცხლის, აკვრაში კი ოქროს მედალი მოიპოვა. საბოლოოდ, მან ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 328 კგ-ით ჩემპიონობა იზეიმა.

ერთი დღით ადრე ჩემპიონი მისი უფროსი ძმა კახი ასანიძე გახდა. 23- წლამდე მოასპარეზე ძალოსანთა შორის 73 კგ. წონით კატეგორიაში კახიმ ორჭიდის ჯამში 322 კგ. დააფიქსირა და კონტინენტის პირველობაზე პირველობა არავის დაუთმო.

კახი და საბა ასანიძეები საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის შვილები არიან.

სპორტულ თოქ-შოუესტაფეტას“ გიორგი ასანიძემ დურესიდან დღეს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ისაუბრა იმ ემოციაზე, რომელიც კახი და საბა ასანიძეების გამოსვლის შემდეგ დაეუფლა.

„მეორე დღეა, უამრავ მილოცვას ვიღებ და პირველ რიგში მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც ჩვენთან ერთად გაიხარა და იზეიმა ეს წარმატებები. შვილების გამოსვლის დროს, რა თქმა უნდა, ემოცია ოდნავ მეტია, თუმცა მწვრთნელად მოღვაწეობის მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად მივხვდი, რომ ყველაფერი ცივი გონებით უნდა შევაფასო, მაგრამ ხანდახან სენტიმენტებიც არის ხოლმე, მაგრამ ამას ვერასდროს იგრძნობს ჩემი გუნდის სხვა წარმომადგენელი. კახი და საბა იმდენად კარგად იყვნენ მომზადებულები, რომ მედალს უპირობოდ ვგეგმავდით. ვიცოდით, რომ შეჯიბრება იქნებოდა ძალიან საინტერესო, დაძაბული და ასეც მოხდა. პირველ რიგში ყველა მშობელს და შემდეგ მწვრთნელს ვუსურვებ, რომ მისი შვილი და მოსწავლე იდგეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

შეჯიბრებას რაც შეეხება – ძალიან კარგად გამოვიდა მარიამ მაისურაძე, ყოჩაღად იასპარეზა და კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მარიამი წყალტუბოდან არის, სადაც ბატონ გურამ მამიაშვილთან ერთად ვარჯიშობდა. ის ძალიან პატარა ასაკიდან წამოვიყვანეთ ნაკრებში და უკვე მესამე წელია, გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას მეთვალყურეობით ემზადება და ეს უკვე შედეგებზეც აისახა. მარიამმა 17-წლამდელთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო, ამჯერად კი უკვე დიდებში იმარჯვა. ჩვენს გუნდში კიდევ ორი გოგონაა – მარიამ მურღვლიანი და ნათია გადელია. ორივე მათგანი უკვე გამოცდილი ძალოსანია და ორივეს დიდი მომავალი აქვს.

დღეისათვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც აკვრაში 67 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ გიორბელიძემ მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ დიდი დელეგაციით წამოვედით, სულ 22 სპორტსმენი წამოვიყვანეთ და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასე მრავალრიცხოვანია ჩვენი შემადგენლობა. აქ თითქმის ყველა მათგანს აქვს შანსი მედალი მოიპოვოს. გვინდა, გასული წლების ტრადიცია შევინარჩუნოთ და გუნდური პირველი ადგილისთვისაც ვიბრძოლოთ. ძალიან კარგი გუნდია 20-წლამდელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძეა და იგივეს ვიტყვი 23-წლიანების ნაკრებზეც, რომლის მთავარი მწვრთნელი მე ვარ.

საორგანიზაციო თვალსაზრისით შეჯიბრი იდეალურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ არ არიან რუსეთის და ბელორუსის ნაკრებები, კონკურენცია ძალიან მაღალია და მონაწილეთა რაოდენობის მიხედვითაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში ძალოსნობისადმი ინტერესი ძალიან გაზრდილია და კონკურენციის მომენტი უკვე ყველასგან იგრძნობა.

ევროპის ჩემპიონატის წინ, როდესაც ასეთი გაფართოებული შემადგენლობა დავასახელეთ, მთავარი მიზანი იყო იმ გეგმის გამოძახილი, რომელიც ჩვენს ლეგენდარულ კახი კახიაშვილთან ერთად წლების წინ დავიწყეთ. ფედერაციის პრეზიდენტად მისი მოსვლის შემდეგ, ქართული ძალოსნობის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. პრობლემები მინიმუმდეა დასული და ამას სამედიცინო კუთხით გაწეული საქმიანობა დაემატა, რომელიც ფედერაციის ხელმძღვანელებმა – ზურაბ კახაბრიშვილთან ერთად განვახორციელეთ. დღეს ჩვენს ფედერაციას საუკეთესო პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და ვფიქრობ, ეს ერთიანობა ბოლომდე იქნება შენარჩუნებული. კახის ზედმეტი კითხვაც კი არ ჰქონდა გუნდის შემადგენლობასთან დაკავშირებით, იმდენად დიდია ნდობის ფაქტორი“.

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მზადების შესახებ საუბრისას საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ განაცხადა:

„ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. რა თქმა უნდა, სენსაციებსაც ველით, რადგან მზადების ყველა ეტაპი იყო და არის მიზანმიმართული. ლაშა ტალახაძის ტრავმამ მის მზადებაში გარკვეული ცვლილები შეიტანა და დღეს ლაშას მეტი გაფრთხილება და მეტი ყურადღება სჭირდება, მაგრამ იცოდეს ყველამ, რომ ლაშა არც ერთ შეჯიბრებაზე წასაგებად არ წასულა და არც არასდროს წავა“.