ექსკლუზიური ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან - დანა ვაიტი დამპირდა, რომ დეკემბერში ბრძოლას აუცილებლად გავმართავ
ექსკლუზიური ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან - დანა ვაიტი დამპირდა, რომ დეკემბერში ბრძოლას აუცილებლად გავმართავ

2020 წელს UFC-ში ყველაზე მეტი, 4 მოგება ერთდროულად ორ მებრძოლს გააჩნია. საშუალო წონითი დივიზიონის (middleweight) წარმომადგენელ კევინ ჰოლანდს და გიგა ჭიკაძეს. ქართველ სპორტსმენს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში ძალიან შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს – 5 მოგება და არც ერთი მარცხი. თანაც ისიც აუცილებლად აღსანიშნავია, რომ გიგა ყოველი მომდევნო ბრძოლის შემდეგ საგრძნობლად პროგრესირებს. რამდენიმე დღის წინ ლას ვეგასში UFC-ის მორიგ ქარდზე (Vegas 13) ჭიკაძე დებიუტანტ ჯერემი საიმონსს დაუპირისპირდა და პირველი ნოკაუტი გაიფორმა.

პირველივე რაუნდში ჭიკაძემ „გიგა ქიქითსაიმონსს მუცლის არეში მძიმე დარტყმა მიაყენა, რამაც მეტოქეს ხელები დაბლა ჩამოაწევინა. ამ მომენტით გიგამ კარგად ისარგებლა და ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა საიმონსი. შედეგად ჭიკაძემ საღამოს საუკეთესო წარმოდგენისთვის ბონუსის სახით $50 000 დოლარი მიიღო.

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გიგამ ჯერემი სტეფენსი გამოიწვია. ამერიკელმა მებრძოლმა ქართველს მალევე „ტვიტერის“ საშუალებით უპასუხა და გამოწვევას დათანხმდა. გიგას ლოს ანჯელესში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

– 2020 წელს UFC-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვე და კევინ ჰოლანდთან ერთად მიმდინარე წელს ყველაზე მეტი მოგება დაგიგროვდა. რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენთვის ნოკაუტით გამარჯვება?

– ძალიან მინდოდა, რომ ბრძოლა ნაადრევად, პირველივე რაუნდში დამესრულებინა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ვცდილობდი ეს ყველაფერი ზედმეტი სიჩქარის გარეშე მომეხერხებინა. აქამდე გამართულ ოთხივე ბრძოლაში ვცდილობდი ნოკაუტით გამარჯვებას და ვფიქრობ სწორედ ნაჩქარები გადაწყვეტილებების გამო ვერ შევძელი ეს. ამჯერად ბევრად დინჯად წარვმართე ბრძოლა და როგორც ხედავთ, ამან შედეგი გამოიღო.

– ბრძოლის დასრულების შემდეგ დანა ვაიტთან გქონდა მცირე საუბარი. როგორც გავიგეთ, შენ მას სთხოვე 6 დეკემბრის ქარდზე ჯერემი სტეფენსთან დაპირისპირება. რამდენად მართალია ეს?

– დიახ ნამდვილად ვესაუბრე ბრძოლის დასრულების შემდეგ დანას და მას ვთხოვე, რომ დეკემბრის დასაწყისში მოეცა ჩემთვის ბრძოლის ჩატარების შანსი. ეს მას ძალიან მოეწონა და დამპირდა რომ სურვილს ამისრულებს. მე დეკემბრის დასაწყისში მსურს ჩემი მე-6 ბრძოლის ჩატარება და თვის ბოლოს საქართველოში ვგეგმავ ჩამოსვლას.

– საიმონსთან გამარჯვების შემდეგ ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში ჯერემი სტეფენსი გამოიძახე, როგორც ვიცით, ის მალევე დათანხმდა შენთან ბრძლას. დანასთან ამ საკითხზეც ხომ არ ისაუბრე?

– დიდი სურვილი მაქვს, რომ დეკემბერში სწორედ ჯერემი სტეფენსთან ჩავატარო ბრძოლა. ჯერჯერობით ამ მხრივ ყველაფერი კარგად მიდის. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი. ჯერემი თანახმაა და UFC-ისაც ძალიან მოსწონს ეს იდეა, აქედან გამომდინარე მგონია, რომ ჩვენი დაპირისპირება აუცილებლად შედგება. თუმცა ოფიციალურად ეს ჯერ არ არის დადასტურებული. იმ შემთხვევაში თუ სტეფენსთან ბრძოლა არ გამოვა, მაშინ აუცილებლად ტოპ 10-ის სხვა მებრძოლი მსურს შემდგომ მეტოქედ.

– ჯეიმი საიმონსთან ბრძოლისას რაიმე ტრავმა ხომ არ მიგიღია?

– ამ ბრძოლამდე მქონდა რამდენიმე ტრავმა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სერიოზული არაფერია. ძველი ბრძოლიდან დარჩენილი დაზიანება მაქვს ფეხზე, რომელიც სულ მალე ბოლომდე მოშუშდება.

– ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში აღნიშნე, რომ საქართველოში გსურს დეკემბერში ჩამოსვლა იმ შემთხვევაში თუ ბონუსს მიიღებ. როგორც ვნახეთ ბონუსი გერგო. ახლა როგორია შენი გეგმები ?

– საქართველოში ჩამოსვლას ვგეგმავ. ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება თუ ბონუსს ვერ ავიღებდი. უკვე წელიწადნახევარია რაც სამშობლოში არ ვყოფილვარ. მომდევნო ბრძოლის შემდეგ აუცილებლად ჩამოვალ და დაახლოებით 1 თვე გავჩერდები საქართველოში.