ეპიდემიის გამო, კვირკველიას თანაგუნდელი გამოაკლდა - მსოფლიო ჩემპიონმა რუსეთი დატოვა
ეპიდემიის გამო, კვირკველიას თანაგუნდელი გამოაკლდა - მსოფლიო ჩემპიონმა რუსეთი დატოვა

გერმანელმა მცველმა, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ბენედიქტ ჰევედესმა მოსკოვის „ლოკომოტივი“ დატოვა – მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა.

რუსულ კლუბში 27 მაისს განაცხადეს, რომ ჰევედესი, რომელმაც გერმანიის ნაკრებში 44-ჯერ ითამაშა, გუნდში კორონავირუსის ეპიდემიის გამო იძულებითი შესვენების შემდეგ არ დაბრუნებულა.

გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰევედესის ხელშეკრულება ზაფხულის შემდეგ შეწყდება, მცველი კი რუსეთში თამაშს აღარ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ისაა, რომ ჰევედესს ამ რთულ პერიოდში ოჯახთან ყოფნა სურს. მაგრამ ჯერჯერობით ახალ კლუბთან არ შეთანხმებულა.

საფეხბურთო სეზონი რუსეთში 21 ივნისს უნდა განახლდეს. 32 წლის მცველი „შალკეს“ ყოფილი მოთამაშეა, ასევე „იუვენტუსში“ უთამაშია. 2014 წელს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჰევედესს მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2018 წლიდან გამოდის.ის მოსკოვური გუნდის დაცვაში ხშირად იყო საბა კვირკველიას პარტნიორი, რომლის მეორე პარტნიორიც 2018 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ხორვატი ვედრან ჩორლუკაა.

ჰევედესი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც აცხადებდა, რომ რუსეთი კორონავირუსის ეპიდემიას საკმარის ყურადღებას არ აქცევდა.

„კაფეებში უამრავი ადამიანია, ქუჩებში ხალხმრავლობაა. ფეხბურთის თამაში შეუძლებელია, როდესაც მსოფლიოში ასეთი ვითარებაა,” – ამბობდა ჰევედესი.

მაშინ ჰევედესს რუსეთში ყურადღება არ მიაქციეს. თუმცა, გავიდა სულ რაღაც ორი თვე და გამოჩნდა, რომ გერმანელი მცველი ტყუილად არ ფრთხილობდა – ამჟამად, რუსეთი კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.