ენტონი სმიტმა გლოვერ ტეიხეირა გამოიწვია
ენტონი სმიტმა გლოვერ ტეიხეირა გამოიწვია

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლი ენტონი სმიტი ოქტაგონზე დასაბრუნებლად მზად არის. 31 წლის ამერიკელმა გლოვერ ტეიხეირასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. სმიტმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში უკანასკნელი ბრძოლა მიმდინარე წლის ივნისში ალექსანდერ გუსტაფსონთან გამართა. ენტონიმ შვედი მებრძოლი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა კარიერაში რიგით 32-ე გამარჯვება იზეიმა. „ემ ემ ემ ეი ჯანქისთან” (MMAJunkie) მიცემულ ინტერვიუში სმიტმა მის შესაძლო მეტოქეებზე და დაბრუნების თარიღზე ისაუბრა.

„მე მსურს ტოპ 5 მებრძოლს შორის, რომელიმეს დავუპირისპირდე. თუმცა, არის კიდევ ერთი მებრძოლი ვისთან ბრძოლა ძალიან მაინტერესებს. გლოვერ ტეიხეირა როგორც ვიცი დაკავებული არ არის. აქედან გამომდინარე მე სიამოვნებით ვისურვებდი მასთან ბრძოლას. ის ჩვენი სპორტისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს და მე მას პატივს ვცემ.”

ტეიხეირა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში რანგით მე-9 მებრძოლია. მას ბოლო სამი ორთაბრძოლა აქვს მოგებული. რაც შეეხება ენტონი სმიტს, ის ამ დროისთვის რეიტინგში მე-3 პოზიციაზეა.

„ვფიქრობ რომ გულშემატკივრებს ჩემი და გლოვერის ბრძოლის ხილვა ძალიან დააინტერესებს. ვთვლი, რომ ეს დაპირისპირება, რომელიმე საბრძოლო ღამის მთავარი ბრძოლა უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ მეც და გლოვერმაც ეს დავიმსახურეთ.”