ენტონი ჯოშუამ პოვეტკინს ნოკაუტით მოუგო | რუს მოკრივეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა (ვიდეო)
ენტონი ჯოშუამ პოვეტკინს ნოკაუტით მოუგო | რუს მოკრივეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა (ვიდეო)

ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ენტონი ჯოშუამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ოთხი ვერსიით (IBO, WBA, IBF, WBO) შეინარჩუნა. ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გამართულ ორთაბრძოლაში, ბრიტანელმა ნოკაუტით დაამარცხა რუსი პრეტენდენტი ალექსანდრ პოვეტკინი.

საწყისი რაუნდები თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა – რუსი მოკრივის ოდნავ უფრო მეტი აქტიურობით. მაგრამ, მეოთხე რაუნდიდან მოყოლებული, 29 წლის პოვეტკინს დაღლა დაეტყო, ჯოშუამ კი, პირიქით, დამაჯერებლობა იგრძნო. ბრიტანელის დარტყმები სულ უფრო ხშირად აღწევდა მიზანს და მეშვიდე რაუნდში, მძიმე და ზუსტი ორმაგი დარტყმის შემდეგ, რუსი რინგზე დაეცა. პოვეტკინმა წამოდგომა მოახერხა, მაგრამ კიდევ ორმა დარტყმამ ბოლო მოუღო და მას პირველადი სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა.

პოვეტკინმა 37-ე ბრძოლა ჩაატარა პროფესიულ რინგზე და პირველად წააგო ნოკაუტით (სულ ორი წაგება აქვს), ჯოშუას კი 22-დან 22 მოგება აქვს, აქედან 21 – ნოკაუტით.