ენტონი ჯოშუა - მზად ვარ უაილდერთან საჩხუბრად, მინდა აბსოლუტური ჩემპიონი გავხდე
ენტონი ჯოშუა - მზად ვარ უაილდერთან საჩხუბრად, მინდა აბსოლუტური ჩემპიონი გავხდე

ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ენტონი ჯოშუამ განაცხადა, რომ მზად არის რინგზე შეებრძოლოს დეონტეი უაილდერს, რადგან მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება სურს.

ჯოშუამ გასულ კვირას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო ენდი რუისს და დაიბრუნა WBO-ს, IBO-ს, WBA-სა და IBF-ის საჩემპიონო ქამრები. უაილდერი მძიმე წონის ჩემპიონია WBC-ის ვერსიით.

„მზად ვარ უაილდერთან საჩხუბრად. დავიბრუნე ქამრები და ახლა მინდა მასთან რინგზე შეხვედრა. მაგრამ ძალიან შორეულ მომავალში არ ვიხედები. ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლი წინ. ყველა პრეტენდენტს ნოკაუტით გავუსწორდები, შემდეგ კი, როცა დიდი ბიჭები მზად იქნებიან, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გავხდები. ძალიან მინდა ამის მიღწევა.

უაილდერმა ჯერ ფიურისთან უნდა იჩხუბოს. წარმატებას ვუსურვებ მათ. ამასობაში, მე პრეტენდენტებს გავუსწორდები. ბევრს ვმუშაობდი ამ ქამრების მოსაპოვებლად და აღარ ვაპირებ მათთან განშორებას“, – განაცხადა ჯოშუამ BoxingScene-თან კომენტარში.

ბრიტანელმა უახლოესი 180 დღის განმავლობაში უნდა დაიცვას WBO-ის ტიტული უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან ან ბულგარელ კუბრატ პულევთან ბრძოლაში.