ენტონი ფაუჩი უარყოფს, რომ ასიმპტომური პაციენტებისგან „კოვიდ-19“ ნაკლებად ვრცელდება
ენტონი ფაუჩი უარყოფს, რომ ასიმპტომური პაციენტებისგან „კოვიდ-19“ ნაკლებად ვრცელდება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ არასწორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება, რომ ასიმპტომური პაციენტებისგან „კოვიდ-19“ ნაკლებად ვრცელდება. ამის შესახებ მან „ეიბისისთან“ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ასიმპტომური შემთხვევებით კორონავირუსი შედარებით იშვიათად ვრცელდება.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განმარტების მიზნით დღეს დამატებითი კომენტარი გააკეთა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ასიმპტომური შემთხვევები მაინც შეიძლება იყოს ვირუსის გავრცელების მიზეზი.

ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მტკიცებულებების არქონის გამო უკან დაიხია.

„როგორც მტკიცებულებები გვაჩვენებს, ინფიცირებულების 25-45 პროცენტი ასიმპტომურია. ჩვენ ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან ვიცით, რომ ისინი შეიძლება, ვირუსის გადამტანები გახდნენ მაშინაც, თუ ასიმპტომურები არიან. ასე რომ, განცხადების გაკეთება იმის შესახებ, რომ ასიმპტომური შემთხვევებით ვირუსი იშვიათად ვრცელდება, არასწორი იყო“, – განაცხადა ფაუჩიმ.