ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო რეკლამაში მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოვარდნილია
ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო რეკლამაში მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოვარდნილია

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო რეკლამაში მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოვარდნილია. „როიტერის“ ინფორმაციით, ენტონი ფაუჩი არ ეთანხმება აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო რეკლამაში მის გამოჩენას.

გასულ კვირას გამოჩენილ რეკლამაში საუბარია დონალდ ტრამპის პერსონალურ და ასევე, მისი ადმინისტრაციის მცდელობებზე კორონავირუსული ინფექციის დამარცხების მიმართულებით. 30 მონაკვეთში ფაუჩის ციტატები იმგვარად არის გამოყენებული, თითქოს იგი აშშ-ის პრეზიდენტს აქებს.

„მე ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმეს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია“, – ამბობს ენტონი ფაუჩი რეკლამაში, მაგრამ ეს ციტატები მარტის ინტერვიუდან არის, სადაც ფაუჩი განიხილავს ფართო მცდელობებს, მათ შორის, თეთრი სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებულს.

„სახელმწიფო სამსახურში ჩემი თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში მუშაობის დროს, საჯაროდ არც ერთი პოლიტიკური კანდიდატისთვის არ დამიჭერია მხარი“, – ნათქვამია ენტონი ფაუჩის განცხადებაში.

დონალდ ტრამპი ფაუჩის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტყვები ნამდვილად ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს ეკუთვნის და რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფენომენური სამუშაო ჩაატარა.