ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს დაკავებული ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდა
ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს დაკავებული ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს რუსეთში დაკავებული „ვოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონი საუბარი გაიმართა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოხატა აშშ-ის სერიოზული შეშფოთება რუსეთის მიერ აშშ-ის მოქალაქე ჟურნალისტის მიუღებელი დაკავების გამო.​ სახელმწიფო მდივანმა მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში ჟურნალისტის გვარი დაკონკრეტებული არ არის, თუმცა აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა „როიტერს“ განუცხადა, რომ დიპლომატების საუბარი გერშკოვიჩს ეხებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვმა ბლინკენს განუცხადა, რომ საქმის პოლიტიზება მიუღებელია და გერშკოვიჩის ბედს სასამართლო გადაწყვეტს.

30 მარტს გამართულ დახურულ მოსმენაზე გერშკოვიჩს 29 მაისამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში გადაიყვანეს. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გერშკოვიჩი რუსეთის თავდაცვის კომპანიის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში დაადანაშაულა, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. „ვოლ სთრით ჯორნალი“ უარყოფს გერშკოვიჩის ჯაშუშობას. თეთრმა სახლმა ჯაშუშობის ბრალდებას, რომელიც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სასაცილო უწოდა.