ენტონი ბლინკენი - საბოლოოდ რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა უკეთესი ურთიერთობები აშშ-სთან
ენტონი ბლინკენი - საბოლოოდ რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა უკეთესი ურთიერთობები აშშ-სთან

საბოლოოდ რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა უკეთესი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეიკიავიკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს უთხრა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს აგრესიულ მოქმედებებს აშშ-ის ან აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ, ვაშინგტონი უპასუხებს, არა ესკალაციის მიზნით, არა იმიტომ, რომ კონფლიქტი სურს, არამედ საკუთარი ინტერესების დასაცავად.

ბლინკენი მიიჩნევს, რომ რუს კოლეგასთან კონსტრუქციული და საქმიანი საუბარი ჰქონდა, რომელიც ორ საათს გაგრძელდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთთან სტაბილური, კონსტრუქციული ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

„არის სფეროები, სადაც თანამშრომლობა ჩვენს საერთო ინტერესებში შედის. ეს არის ავღანეთი, ე.წ. სტრატეგიული სტაბილურობა, იარაღის კონტროლის ხელშეკრულებები, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა“, – აღნიშნა ბლინკენმა.