ენტონი ბლინკენი - რუსეთი აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ თუ აგრესიულად და უგუნურად მოქმედებას გადაწყვეტს, ვაშინგტონი საპასუხო ზომებს მიიღებს
ენტონი ბლინკენი - რუსეთი აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ თუ აგრესიულად და უგუნურად მოქმედებას გადაწყვეტს, ვაშინგტონი საპასუხო ზომებს მიიღებს

რუსეთი აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ თუ აგრესიულად და უგუნურად მოქმედებას გადაწყვეტს, ვაშინგტონი საპასუხო ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოცემა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკულ კომპანიებზე სავარაუდოდ რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელებულ კიბერთავდასხმებთან დაკავშირებით კითხვაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ვაშინგტონს ურჩევნია, მოსკოვთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები ჰქონდეს, თუმცა აშშ-ის ცხადი პოზიციაა, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს შესაბამისი პასუხი მოჰყვება.

გასულ თვეში ჰაკერებმა ამერიკული მილსადენების კომპანია „კოლონიალ ფაიფლაინის“ სისტემაში შეღწევა მოახერხეს, რის შემდეგაც სისტემას პრობლემები შეექმნა. მაისში თავდასხმა ასევე განხორციელდა ამერიკული ხორცის გადამამუშავებელი კომპანიის, „ჯეიბიეს“-ის კომპიუტერულ ქსელებზე. ორივე შემთხვევაში აშშ-ში თქვეს, რომ თავდასხმების უკან დანაშაულებრივი დაჯგუფება დგას, რომელიც სავარაუდოდ რუსეთშია ბაზირებული. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.