ენტონი ბლინკენი პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასს შეხვდა
ენტონი ბლინკენი პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პალესტინის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ბლინკენმა აშშ-ისა და პალესტინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ერთგულებას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, აშშ იერუსალიმში გენერალური საკონსულოს ხელახლა გახსნას გეგმავს, რაც პალესტინელებთან ურთიერთობების აღსადგენად იქნება მიმართული. ბლინკენის განცხადებით, აშშ ეწინააღმდეგება ნებისმიერ ცალმხრივ ქმედებას, რომლებიც ძირს უთხრიან მშვიდობას, იქნება ეს საცხოვრებელი სახლების დანგრევა, ტერიტორიის ანექსია თუ ძალადობის წახალისება.

გარდა ამისა, ენტონი ბლინკენმა პალესტინის ლიდერთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია 75 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ მიმართავს აშშ-ის კონგრესს, რომელიც ღაზას სექტორის აღდგენისკენ იქნება მიმართული. სახელმწიფო მდივანმა პალესტინელებს კორონავირუსის ვაქცინების მიწოდების საკითხშიც აღუთქვა დახმარება.

თავის მხრივ, მაჰმუდ აბასმა მადლობა გადაუხადა ენტონი ბლინკენს პალესტინის სახელმწიფოს მხარდაჭერის საკითხში და სამომავლო დიპლომატიური საქმიანობის აღდგენის სურვილი გამოთქვა.