ენტონი ბლინკენი - განსხვავებების მიუხედავად, ნატო-მ უნდა შეინარჩუნოს თურქეთთან ახლო ურთიერთობები
ენტონი ბლინკენი - განსხვავებების მიუხედავად, ნატო-მ უნდა შეინარჩუნოს თურქეთთან ახლო ურთიერთობები

განსხვავებების მიუხედავად, ნატო-მ უნდა შეინარჩუნოს თურქეთთან ახლო ურთიერთობები, – ამის შესახებ ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ამასთან, ენტონი ბლინკენის თქმით, ნატო-ს ალიანსს შეუძლია, უფრო გაძლიერდეს შიდა დაპირისპირების პერიოდის შემდეგ.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ანკარასთან აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, აშშ და ნატო ძლიერ დაინტერესებული არიან, შეინარჩუნონ თურქეთი ალიანსში.

„საიდუმლო არ არის, რომ თურქეთთან აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს, მათ შორის, „ეს-400“-ებისა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მისი ქმედებების გამო. ასევე, საიდუმლო არ არის, რომ თურქეთი არის დიდი ხნის და ღირებული მოკავშირე. ჩვენ გვაქვს ძლიერი ინტერესი, შევინარჩუნოთ ანკარა ნატო-ში და გვჯერა, რომ ეს ასევე თურქეთის ინტერესებშიცაა“, – განაცხადა ბლინკენმა ნატო-ს შტაბბინაში გამართულ ღონისძიებაზე.

ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის რანგში ევროპაში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.