ენტონი ბლინკენი - აშშ დარწმუნებულია, რომ ომანის მახლობლად ნავთობმზიდზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა ირანმა განახორციელა
ენტონი ბლინკენი - აშშ დარწმუნებულია, რომ ომანის მახლობლად ნავთობმზიდზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა ირანმა განახორციელა

აშშ დარწმუნებულია, რომ ომანის მახლობლად ნავთობმზიდზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა ირანმა განახორციელა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„მინდა, დავგმო პარასკევს მომხდარი თავდასხმა კომერციულ ხომალდზე. ჩვენ ჩავატარეთ დეტალური მიმოხილვა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თავდასხმა ირანმა განახორციელა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა ბრიფინგზე.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში თავდასხმასთან კავშირი უარყვეს და ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს.

ნავთობტანკერზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 30 აგვისტოს გავრცელდა. ხომალდი MT Mercer Street იაპონურ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა მის ექსპლუატაციას ისრაელელი მილიარდერის, ეიალ ოფერის ოჯახის კუთვნილი კომპანია „ზოდიაქ მერითაიმი“ ახორციელებს. ტანზანიიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით მცურავ ხომალდზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ტანკერის ეკიპაჟის ორი წევრი – რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. თავდასხმის დეტალები უცნობია.