ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ არაბეთის ზღვაში იაპონურ ტანკერზე თავდასხმის უკან ირანი დგას
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ არაბეთის ზღვაში იაპონურ ტანკერზე თავდასხმის უკან ირანი დგას

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, არაბეთის ზღვაში იაპონურ ტანკერზე თავდასხმის უკან ირანი დგას. ბლინკენის თქმით, თავდასხმის შემდეგ, შესაბამის რეაგირებაზე ვაშინგტონი პარტნიორებთან კონსულტაციებს აწარმოებს და საპასუხო ზომები მალე იქნება მიღებული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მსგავსი ქმედება მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე საფრთხის უქმნის ნაოსნობის, საერთაშორისო გადაზიდვებისა და კომერციის თავისუფლებას, ასევე, გემებზე მყოფთა სიცოცხლეს.

მანამდე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა აღნიშნა, რომ ტანკერზე თავდასხმა დიდი ალბათობით ირანმა განახორციელა.

მედიის ინფორმაციით, ტანკერზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ლიბერიის დროშით მცურავი იაპონური ტანკერის ეკიპაჟის წევრები უცხოელები არიან. ტანკერის ერთადერთი კავშირი ისრაელთან არის ის, რომ გემს მართავს ლონდონში დაფუძნებული „ზოდიაკ მერითაიმი“ (Zodiac Maritime) – კომპანია, რომელიც ეკუთვნის ისრაელელ მილიარდერ ეიალ ოფერს.

ირანის ხელისუფლება ტანკერზე თავდასხმის ბრალდებებს უარყოფს.