ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ პოლიციამ და მერმა გასულ ღამეს ნიუ იორკში საკუთარი სამუშაო არ შეასრულეს
ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ პოლიციამ და მერმა გასულ ღამეს ნიუ იორკში საკუთარი სამუშაო არ შეასრულეს

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ პოლიციამ და მერმა გასულ ღამეს საკუთარი სამუშაო არ შეასრულეს. ასე გამოეხმაურა ენდრიუ კუომო ქალაქ ნიუ იორკში გასულ ღამეს არეულობის დროს მაროდიორობის შემთხვევების შესახებ ცნობებს. მისი თქმით, ქალაქ ნიუ იორკის პოლიცია არ იყო ეფექტიანი კრიმინალური ქმედებებისა და მაროდიორობის შესაჩერებლად.

„მე იმედგაცრუებული და აღშფოთებული ვარ იმით, რაც მოხდა ქალაქ ნიუ იორკში გასულ ღამეს. ეს მაროდიორები, ეს კრიმინალური ქმედებები ყველას აზარალებს“, – განაცხადა კუომომ.

გუბერნატორის თქმით, ნიუ იორკის პოლიციამ საქმე უკეთესად უნდა შეასრულოს.

ამავე დროს, ენდრიუ კუომომ აღნიშნა, რომ მაროდიორები და საპროტესტო აქციების მონაწილეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და განსხვავებულ რეაგირებას საჭიროებენ.

ენდრიუ კუომომ განმარტა, რომ ნიუ იოკრში კომენდანტის საათი არა საპროტესტო აქციების გამო, არამედ მაროდიორების გამო დაწესდა.

როგორც შტატის გუბერნატორმა განაცხადა, მრავალ საკითხი, კერძოდ, კორონავირუსის პანდემია, საპროტესტო გამოსვლები და მაროდიორობა განსხვავებულ რეაგირებას საჭიროებს.

„ჩვენ ვერ წავშლით ზღვარს ამ პრობლემებს შორის“, – განაცხადა მან.

ენდრიუ კუომომ ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა დემონსტრანტებს და აღნიშნა, რომ მათ უკეთესი ამერიკა სურთ.

„ვფიქრობ, მერი სათანადოდ არ აფასებს პრობლემის მასშტაბსა და პრობლემის ხანგრძლივობას. ის, რაც მოხდა ქალაქ ნიუ იორკში, უპატიებელია“, – აღნიშნა კუომომ.

ამავე დროს, გუბერნატორმა არ გამორიცხა, რომ ქალაქ ნიუ იორკში ეროვნული გვარდია განათავსოს.
პოლიციის ინფორმაციით, გასულ ღამეს ნიუ იორკში 700-მდე ადამიანი დააკავეს.