ენდი რუისისა და ენტონი ჯოშუას მეორე ბრძოლის ჰონორარი 100 მილიონი იქნება

16:36, 10.08.2019

სუპერმძიმე წონაში მექსიკელი ენდი რუისისა და ბრიტანელი ენტონი ჯოშუას მეორე ბრძოლის საპრიზო ფონდი 100 მილიონ დოლარს გაუტოლდება, – იტყობინება ავტორიტეტული საკრივო ვებგვერდი „ბოქსინგსინი“ (BoxingScene).

ამ მოკრივეებს შორის პირველი ორთაბრძოლა ნიუ იორკში, პირველ ივნისს გაიმართა. 29 წლის ჯოშუა (21-1, 20KO) მეშვიდე რაუნდში ნოკაუტში აღმოჩნდა და კარიერაში პირველი მარცხი იწვნია. გამარჯვების წყალობით, 29 წლის რუისმა (33-1, 22KO) ბრიტანელს WBA-ის, WBO-ს, IBF-ისა და IBO-ის საჩემპიონო ქამრები ჩამოართვა.

წაგებიდან რამდენიმე დღის თავზე, ჯოშუამ ისარგებლა მატჩრევანშის მოთხოვნის უფლებით. მხარეები დიდი ხანი ვერ თანხმდებოდნენ რევანშის ჩატარების ადგილზე. ჯოშუას პრომოუტერები დიდ ბრიტანეთს სთავაზობდნენ, ჩემპიონის წარმომადგენლები – ნიუ იორკს.

საბოლოოდ, საქმეში ჩაერია ინვესტორთა ჯგუფი საუდის არაბეთიდან, რომელმაც წარმოადგინა 100 მილიონი დოლარის ფინანსური გარანტია.

ასე რომ, მატჩრევანში 7 დეკემბერს, საუდის არაბეთში გაიმართება.

მსგავსი