ენდი მარეიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა
ენდი მარეიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ განაცხადა, რომ ამ სეზონში კარიერის დასრულებას გეგმავს. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი იმედოვნებს, რომ შეძლებს 2019 წლის უიმბლდონამდე თამაშს და ამ ტურნირის შემდეგ ჩოგბურთიდან წასვლას აპირებს. მარეის წასვლის მიზეზი მარჯვენა ბარძაყში ძლიერი ტკივილია. ამ ტრავმის სამკურნალოდ, ბრიტანელმა შარშან ოპერაცია გაიკეთა.

„წარმოდგენა არ მაქვს, როდის შეწყდება ეს ტკივილი. იმედია, უიმბლდონამდე მოვითმენ, რადგან კარიერის დასრულება სწორედ ამ ტურნირზე მინდა. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მოხერხდება.
ჯერ ისევ შემიძლია გარკვეულ დონეზე თამაში, მაგრამ არა ისეთზე, როგორსაც ვისურვებდი. მაგრამ ეს არ არის მთავარი – ტკივილი მართლაც ძალიან ძლიერია. არ მინდა ასე თამაშის გაგრძელება. პრაქტიკულად ყველაფერი ვცადე სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ არაფერმა იმუშავა. შესაძლოა, ეს ავსტრალიის ღია პირველობა ჩემი ბოლო ტურნირი აღმოჩნდეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებ თამაშს უახლოესი 4-5 თვის განმავლობაში. შესაძლოა, კიდევ ერთ ოპერაციას დავთანხმდე, მაგრამ არა სპორტში დასაბრუნებლად, არამედ ნორმალურად ცხოვრებისთვის“, – განაცხადა მარეიმ მელბურნში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბრიტანელ ჩოგბურთელს კარიერაში მოგებული აქვს „დიდი სლემის“ სამი ტურნირი, ოლიმპიადის ორი ოქრო და დევისის თასი.

ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში, მარეის ელოდება შეხვედრა ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან.

ენდი მარეის კარიერა ციფრებში:

3 – დიდი სლემი
2 – ოლიმპიური ოქრო
37 კვირა ATP-ის რეიტინგის ლიდერის რანგში
14 – “მასტერსის” ტიტულები
8 – “დიდი სლემის” ტურნირების ფინალები