ენდი მარეიმ გასკესთან წააგო და აშშ-ის ღიას ერთეულებში არ ითამაშებს
ენდი მარეიმ გასკესთან წააგო და აშშ-ის ღიას ერთეულებში არ ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, პირველად ითამაშა მატჩი ერთეულებში. მან ცინცინატის „მასტერსის“ ორგანიზატორებისგან უაილდ-ქარდი მიიღო და პირველ წრეში ფრანგ რიშარ გასკეს დაუპირისპირდა.

შეხვედრა საათი და 36 წუთი გაგრძელდა და გასკემ ორ სეტში მოიგო – 6:4, 6:4. ფრანგმა შვიდიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მარეიმ – ხუთიდან ერთი.

მეორე წრეში გასკე ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება.

მატჩის შემდეგ ენდი მარეიმ გამოაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის ღია ერთეულთა ტურნირში და კონცენტრაციას მოახდენს წყვილებსა და მიქსტზე.

„არ მინდა უაილდ-ქარდის მიღება. თამაშის დროს, ფეხები დამძიმებული მქონდა. ბევრ რამეზე მაქვს სამუშაო. პრაქტიკაა საჭირო. ეს პრობლემები ორ კვირაში არ გაქრება. მინდა საკუთარ თავთან პატიოსანი ვიყო“, – განაცხადა ბრიტანელმა.