ენდი მარეი - „დიდი სლემის“ უფრო მეტ ტიტულს ნადალი ან ჯოკოვიჩი მოიგებს
ენდი მარეი - „დიდი სლემის“ უფრო მეტ ტიტულს ნადალი ან ჯოკოვიჩი მოიგებს

„დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ჩემპიონმა ენდი მარეიმ ივარაუდა – ვინ შეიძლება მოიგოს კარიერაში ყველაზე მეტი ტურნირი „დიდი სლემის“ სერიაში. შვეიცარიელ როჯერ ფედერერსა და ესპანელ რაფაელ ნადალს 20-20 ტიტული აქვთ, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს – 17.

„ასეთ კითხვაზე პასუხი შეუძლებელია, რადგან არასოდეს იცი ზუსტად. ვიღაცამ შეიძლება ტრავმა მიიღოს, ისეთივე პრობლემები შეექმნას, როგორიც მე მაქვს. ეს კი მთლიანად ცვლის კარიერას.

თუ ისინი თავიდან აიცილებენ ტრავმებს და კარიერას ერთ ასაკში დაასრულებენ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება რაფა ან ნოვაკი“, – განაცხადა მარეიმ.

ენდიმ ასევე კომენტარი გაუკეთა როლან გაროსზე ნადალის მე-13 ტიტულს.

„ეს ბრწყინვალე მიღწევაა. არ მგონია, რომ ეს რეკორდი ოდესმე ვინმემ დაამხოს. ამის წარმოდგენა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, მას შეუძლია ეს ტურნირი მოიგოს მეთოთხმეტედ ან მეთხუთმეტედ. ამ შემთხვევაში, მას ერთ ტურნირზე იმდენი გამარჯვება ექნება, რამდენიც სამპარსს მთლიანად კარიერაში. ეს დაუჯერებელია. ეს ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული რეკორდია“, – თქვა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა.

და კიდევ, ენდი მარეიმ გაამხილა გეგმები 2020 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილზე და 2021 წელზე.

„ცუდი არ იქნება, თუ უახლოეს პერიოდში რამდენიმე ტურნირს ჩავატარებ. იმედია, შევძლებ იმაზე უკეთესად თამაშს, ვიდრე ეს პარიზში გავაკეთე.

იმედი მაქვს, რომ თუ უფრო მეტ მატჩსა და ტურნირს ჩავატარებ, მომდევნო წელი კარგად ჩაივლის“, – აღიარა მარეიმ.

ამ კვირას, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი გერმანიის ქალაქ კიოლნის ტურნირში ჩაება, მაგრამ პირველ წრეში დამარცხდა ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან. როლან გაროსზე მარეიმ ასევე პირველ რაუნდში წააგო შვეიცარიელ სტენ ვავრინკასთან.

დატოვე კომენტარი