ლეგენდარული ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი „დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელის როლს იკისრებს.
მსოფლიო ჩოგბურთის ორი ლეგენდის თანამშრომლობა სეზონებს შორის შესვენებისას დაიწყება და გაგრძელდება 2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ბოლომდე.
„მეგონა, რომ ჩვენი ისტორია დასრულდა, მაგრამ მას აქვს დასკვნითი თავი. მოვიდა დრო, ჩემი მოწინააღმდეგე ჩემს მხარეს დადგეს“, – დაწერა პარტნიორობის შესახებ ჯოკოვიჩმა.
ენდი მარეიმ კარიერა 2024 წლის ოლიმპიადის შემდეგ დაასრულა. ბრიტანელი მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანია და სამჯერ აქვს მოგებული „დიდი სლემის“ ტურნირი: ორჯერ უიმბლდონი (2013, 2016) და აშშ-ის ღია (2012).
ავსტრალიის ღია პირველობა 12 იანვარს დაიწყება. ეს ტურნირი ჯოკოვიჩს 10-ჯერ აქვს მოგებული.